ბრიუს დიკინსონი

ალყაში გამართული კონცერტიდან 25 წლის შემდეგ Iron Maiden-ის სოლისტი სარაევოს საპატიო მოქალაქე გახდა

ბრიუს დიკინსონი
AFP

ბრიუს დიკინსონი, მძიმე მეტალის ლეგენდარული ჯგუფის, Iron Maiden-ის ვოკალისტი, სარაევოს საპატიო მოქალაქე გახდა. ეს ტიტული მას იუგოსლავიის დაშლის პერიოდში, სარაევოს ალყის დროს კონცერტის ჩატარებიდან 25 წლის შემდეგ მიენიჭა. 

სარაევოს საპატიო მოქალაქედ როკის ლეგენდა 6 აპრილს დასახელდა ცერემონიალზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის გათავისუფლების და 1992 წელს ბოსნიის აყლის დაწყების დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

1992 წელს ბოსნიის დედაქალაქი სერბებმა ალყაში მოაქციეს და 11 ათასი ადამიანი დახოცეს, მათ შორის 1500 ბავშვი. 

ეს თანამედროვეობის ყველაზე ხანგრძლივი ალყაა – მან 1 425 დღეს გასტანა, თითქმის ერთი წლით მეტხანს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადის ბლოკადამ. 

დიკინსონის კონცერტი ბოსნიაში 1994 წელს გაიმართა და როგორც სარაევოს მერმა, აბდულა სკაკამ თქვა, იმ მომენტებს შორის იყო, როდესაც ბოსნიელმა ხალხმა გააცნობიერა, რომ გადარჩებოდა. 

სარაევოს ალყის დროს ასობით ათას ადამიანს ბომბავდნენ და ესროდნენ. დაახლოებით 4 წლის განმავლობაში მათ არ ჰქონდათ ელექტროენერგია, იყო წყლის და საკვების დეფიციტი. 

ერთ ღამეს, 1994 წლის დეკემბერში დიკინსონმა, რომელიც გაეროს ჯარისკაცი იყო, სარაევოში შეაღწია და კონცერტი გამართა.
 
2017 წელს ამ კონცერტზე ფილმიც გადაიღეს სახელწოდებით "იყვირე ჩემთვის, სარაევო" (Scream For Me Sarajevo).  

"ეს დიდი პატივია, ამასთან, ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო თანაბრად ეკუთვნის სარაევოს ყველა მცხოვრებს",- თქვა დიკინსონმა ჯილდოს გადაცემის დროს. 

1994 წელს ჩატარებული კონცერტი მან თავის ავტობიოგრაფიულ წიგნშიც გაიხსენა, სახელად "რას აკეთებს ეს ღილაკი?". მუსიკოსი სარაევოს სცენას ინტენსიურს და ცხოვრების შემცვლელს უწოდებს. 

"ჩვენ არ ვიყავით დაცულები, არ გვქონდა გეგმა, ტყვიები ნამდვილი იყო, მაგრამ არსად წავედით. ამ მოვლენამ ცხოვრების, სიკვდილის აღქმა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულება შემიცვალა", - წერს დიკინსონი. 

კომენტარები