გვენეტაძე TBC-ზე: გადაწყვეტილება კანონიერი იყო, ხაზარაძეს შეეძლო სასამართლოსთვის მიმართა

პარლამენტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ერთ-ერთი შეხვედრისას მამუკა ხაზარაძეს უთხრა, რომ თუ სებ-ის გადაწყვეტილება კანონიერად არ მიაჩნდა, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა.

"ნამდვილად ვუთხარი ბატონ ხაზარაძეს, რომ არსებული კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის მანდატით და საუკეთესო პრაქტიკით, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით შეგვესწავლა არსებული ფაქტები და გამოვლენილ დარღვევებზე თვალს ვერ დავხუჭავდით. ამასთანავე, მე ჩვენი გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ თუ ის სხვანაირად ფიქრობდა, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა. ბატონმა მამუკამ [ხაზარაძე] და ბატონმა ბადრიმ [ჯაფარიძე] საჯაროდაც განაცხადეს, რომ ისინი, როგორც ფიზიკური პირები, გააგრძელებენ სამართლებრივ დავას ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და ალბათ არავის ეპარება ეჭვი, თავიანთი ინტერესების დასაცავად მათ საკმარისი რესურსი გააჩნიათ" - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

გვენეტაძემ აგრეთვე ბრალი დასდო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ეროვნული ბანკის საქმიანობისთვის ხელის შეშლაში, კერძოდ კი საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობასა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში.

"ეროვნული ბანკის საქმიანობისათვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობითა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, არანორმალური პროცესია" - თქვა კობა გვენეტაძემ.

იქამდე, კობა გვენეტაძემ პარლამენტარებს უთხრა, რომ TBC-ს საქმეზე საჯაროდ საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნდა.

კომენტარები