საბანკო რეგულაციები

გვენეტაძე: სიმართლე არ არის, რომ არაფორმალურად დასაქმებულებს სესხებზე წვდომა შეეზღუდათ

პარლამენტი

კობა გვენეტაძის თქმით, საბანკო რეგულაციების მიუხედავად, 2019 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ 15% შეადგინა, ხოლო სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა კვლავ 30%-ს აჭარბებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეს მონაცემები პარლამენტში წარმოადგინა, სადაც მოხსენებით წარსდგება ფიზიკური პირების საცალო დაკრედიტების მიმართულებით განხორციელებული რეგულაციების პირველადი მონაცემების შესახებ. 

"ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოკლევადიანი და მაღალპროცენტიანია და მისი სარგებელი ეკონომიკისთვის მცირეა. ჩვენი გათვლაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით ხელი შეეწყობა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, ისეთებში, როგორებიც არის მცირე და საშუალო მეწარმეობა და სხვა ბიზნეს-სესხები. ჩვენი შეფასებით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-14%-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს-სექტორზე მოვა. შესაბამისად, ბიზნესის დაკრედიტების ხარჯზე სესხების ზრდას ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებაზე გაცილებით მაღალი ეფექტი ექნება, ვიდრე სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში. 

სამწუხაროდ, საზოგადოებაში არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, რომ არაფორმალურ სექტორში მომუშავე პირებს, გზავნილების მიმღებებს და ჩვენს უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს სესხზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც უკვე აღვნიშნე, თუკი მსესხებელს რამე ტიპის ფორმალური ან არაფორმალური შემოსავალი გააჩნია, ვიმეორებ, ფორმალური ან არაფორმალური, ის ამ შემოსავლების ფარგლებში შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას, თუკი სესხების გამცემ ორგანიზაციას მიაწოდებს ინფორმაციას შემოსავლების წყაროების შესახებ. 

2019 წლის პირველი კვარტლის ტენდენცია ჩვენი პროგნოზის შესაბამისია. წინასწარი, არასრული ინფორმაციით, 1-ლ კვარტალში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ, კურსის ეფექტის გამორიცხვით, წლიური 15% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 

ასევე, იანვარ-თებერვალში მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნეს-სესხების წილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სისტემის, ერთ-ერთი მსხვილი სესხი, 300 მილიონი ლარი, რაც საკრედიტო პორტფელის 1%-ზე მეტია, დაიფარა. 

რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტებას, სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა ამ ეტაპზე კვლავ 30%-ს აჭარბებს", - თქვა გვენეტაძემ. 

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

სესხების გაცემაზე რეგულაციებმა ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა. წაიკითხეთ ვრცლად.

კომენტარები