ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

დავით ბაგრატიონმა, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, ქვეყანა დატოვა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომლის წინააღმდეგაც ყოფილ ცოლზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე, შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ქვეყანა დატოვა. 

ამის შესახებ პრესსკლუბში "კვირა" დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ, ისაუბრა. 

ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გვიან ღამით გაემგზავრა მადრიდში, ესპანეთში. ადვოკატის განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბაგრატიონ-მუხრანელის დედა გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"ჩემი რწმუნებულის დედას გუშინ ღამით მოუვიდა გულის შეტევა, რაც გაიგო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. იგი იქნა ჰოსპიტალიზებული. პრაქტიკულად, ძლივს არის გადარჩენილი,"- ამბობს ლევან ჩხეიძე. 

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, წარმოადგენს თუ არა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი იმის მტკიცებულებს, რომ ნამდვილად დედის ავადმყოფობის გამო წავიდა ესპანეთში და არა იმის, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კითხვაზე ჩხეიძემ უპასუხა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ჯერ გზაშია და როგორც კი ესპანეთში ჩავა, შესაბამის საბუთებს გაასაჯაროვებს. 

ჟურნალისტებმა ლევან ჩხეიძეს ისიც ჰკითხეს, შეატყობინა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას იმის შესახებ, რომ ქვეყნიდან გასვლას აპირებდა, რაზეც ჩხეიძემ უპასუხა, რომ არ შეუტყობინებინებია. 

"ბატონ დავითს ეს არ გაუკეთებია, რადგან ეს ხდებოდა გვიან ღამით. ანუ გვიან ღამით აცნობეს მას [დედის ავადმყოფობის შესახებ] და გვიან ღამით მოუწია [ქვეყნის] დატოვება. ამაში არაფერი უკანონო ქმედება არ ყოფილა. ბატონი დავითი არც იყო ძებნაში, არც იძებნებოდა და, შესაბამისად, მან თავისუფლად შეძლო საზღვრის გადაკვეთა,"- ამბობს ადვოკატი ლევან ჩხეიძე. 

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაკითხვა, ქმრის მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ, 2 აპრილს დაიწყო და 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი დაკითხვა მეორე დღესაც გაგრძელდა. 

ბაგრატიონ-გრუზინსკის ინტერესებს ოჯახში შესაძლო ძალადობის საქმეზე ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარი" იცავს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ოჯახში სისტემატური ძალადობის გარდა, სხვა დანაშაულებიც იკვეთება. 

ანა ბაგრატიონზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ძალადობას უარყოფს.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანაცხოვრების პერიოდში დავით ბაგრატიონი ცოლზე ძალადობდა. არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც წერია, რომ ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის 14.05.2014 წლის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე და ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები. სახეზე და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ანა ბაგრატიონის ადვოკატის თქმით, ეს მტკიცებულებები დევს სამეფო ტიტულების საქმეშიც. ლევან გორელიშვილი ამტკიცებს, რომ დავით ბაგრატიონი ცოლზე სწორედ მისი მეფობის აღიარების მიზნით ძალადობდა.

"დავითს ქორწინების პირველივე დღიდან ასე ვთქვათ გაცისკროვნებული ჰქონდა, რომ მას უნდა მიეღო ნუგზარ ბაგრატიონისგან აღიარება, რომ იგი წარმოადგენდა უპირატეს შტოს ბაგრატიონებისას და მას ეკუთვნოდა სამეფო სახლის მეთაურის ტიტული. იგი თვლიდა, რომ თუ ვთქვათ, ასეთი მოქმედებებით ანას თანაცხოვრება დავითთან გაუსაძლისი გახდებოდა, მამას ამოუვიდოდა ყელში და დათანხმდებოდა მის მოთხოვნას,"- ამბობს ადვოკატი.

ანა ბაგრტიონ-გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა 2009 წლის თებერვალში იქორწინეს. მათი ოჯახის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მიზანი "ტახტის მემკვიდრის" გაჩენა იყო. მათ ერთი შვილი ჰყავთ, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი. 

2019 წლის მარტში სასამართლო დავის არსებითი განხილვა დაიწყო. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უჩივლეს. ისინი სასამართლოს სთხოვენ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა აეკრძალოს. ბაგრატიონების ორივე შტოს ერთმანეთის წარმომავლობაში ეჭვი შეაქვთ.

კომენტარები