ბრექსითი

ბრიტანეთის პარლამენტი მხარს უჭერს ბრექსითის გადადებას თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა

Parliamentary Copyright

3 აპრილს ბრიტანეთის პარლამენტმა კენჭი უყარა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პრემიერ მინისტრ მეის ევროკავშირისთვის ბრექსითის გადადების თხოვნა დაევალება თუ გაერთიანებული სამეფო 12 აპრილამდე ვერ შეძლებს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების დამტკიცებას.

თემთა პალატაში გასვლის შემდეგ, ინიციატივას ლორდა პალატის მხარდაჭერა დასჭირდება იურიდიული ძალის შესაძენად. ამის შემდეგ კი ევროკავშირმა უნდა განაცხადოს თანხმობა ბრექსითის კიდევ ერთხელ გადადებაზე.

მას მერე, რაც ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირთან გასვლის პირობებზე ბრიუსელთან მიაღწევს შეთანხმებას, მას პარლამენტის თანხმობა დასჭირდება დასამტკიცებლად.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა 29 მარტიდან 12 აპრილამდე გადაიდო, რადგანაც პარლამენტმა პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმება სამჯერ ჩააგდო. თუ 12 აპრილამდე პარლამენტი მეის გეგმას მხარს არ დაუჭერს, გაერთიანებული სამეფოს გასვლა ევროკავშირიდან 22 მაისამდე გადავადდება.

3 აპრილის ინიციატივის ავტორი ლეიბორისტი პარლამენტარი ივეტ კუპერი იყო. პარლამენტმა იგი მინიმალური სხვაობით, 313 ხმით 312-ის წინააღმდეგ მიიღო.

ინიციატივას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის ლეიბორისტებმა, შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ (SNP), ლიბერალ-დემოკრატებმა და ლეიბორისტებიდან ახლად გამოყოფილმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა. მათ შეუერთდათ მმართველი კონსერვატიული პარტიის 14 დეპუტატიც. თავის მხრივ, 8 ლეიბორისტი პარლამენტარი ინიციატივის წინააღმდეგ წავიდა 290 კონსერვატორთან და მთავრობასთან ალიანსში მყოფ ჩრდილო ირლანდიურ დემოკრატიული იუნიონისტური  პარტიის (DUP) ათივე დეპუტატთან ერთად.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მისი შეთანხმება სამჯერ ჩააგდო, პრემიერმა მეიმ მოლაპარაკება ოპოზიციის ლიდერ ჯერემი კორბინთან (ლეიბორსტული პარტია) დაიწყო ახალი, "კომპრომისული" შეთანხმების მისაღწევად.

იქამდე, ტერეზა მეიმ საჯაროდ განაცხადა, რომ მისი შეთანხმების გასვლის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებდა და მოლაპარაკებების შემდგომი ფაზის წარმართვის საშუალებას ახალ ლიდერს მისცემდა. შედეგად, მისმა ევროსკეპტიკოსი თანაპარტიელების ნაწილმა შეთანხმებას მხარი დაუჭირა, თუმცა პარლამენტმა ის მაინც ჩააგდო.

პარალელურად, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ნაწილი ბრექსითის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. თავის მხრივ, პარლამენტმა უკვე ორჯერ უყარა კენჭი მეის შეთანხმების ალტერნატიულ ვარიანტებს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. თუმცა, თემთა პალატამ არცერთ მათგანს დაუჭირა მხარი.

კომენტარები