ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

საფარი: ანა ბაგრატიონზე ყოფილი ქმარი სისტემატურად ძალადობდა, იკვეთება სხვა დანაშაულებიც

ქალთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ცნობით, 2 აპრილს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაკითხვა 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ის ხვალაც გაგრძელდება. 

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინტერესებს ოჯახში შესაძლო ძალადობის საქმეზე სწორედ "საფარი" იცავს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ყოფილი ქმარი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სისტემატურად ძალადობდა და ამასთან, სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება. მათივე თქმით, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ამას ადასტურებს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვის პროცესს "საფარის" იურისტი ელისო რუხაძე ესწრება. 

ანა ბაგრატიონზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ძალადობას უარყოფს.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანაცხოვრების პერიოდში დავით ბაგრატიონი ცოლზე ძალადობდა. არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც წერია, რომ ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის 14.05.2014 წლის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე და ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები. სახეზე და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ანა ბაგრატიონის ადვოკატის თქმით, ეს მტკიცებულებები დევს სამეფო ტიტულების საქმეშიც. ლევან გორელიშვილი ამტკიცებს, რომ დავით ბაგრატიონი ცოლზე სწორედ მისი მეფობის აღიარების მიზნით ძალადობდა.

"დავითს ქორწინების პირველივე დღიდან ასე ვთქვათ გაცისკროვნებული ჰქონდა, რომ მას უნდა მიეღო ნუგზარ ბაგრატიონისგან აღიარება, რომ იგი წარმოადგენდა უპირატეს შტოს ბაგრატიონებისას და მას ეკუთვნოდა სამეფო სახლის მეთაურის ტიტული. იგი თვლიდა, რომ თუ ვთქვათ, ასეთი მოქმედებებით ანას თანაცხოვრება დავითთან გაუსაძლისი გახდებოდა, მამას ამოუვიდოდა ყელში და დათანხმდებოდა მის მოთხოვნას,"- ამბობს ადვოკატი.

ანა ბაგრტიონ-გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა 2009 წლის თებერვალში იქორწინეს. მათი ოჯახის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მიზანი "ტახტის მემკვიდრის" გაჩენა იყო. მათ ერთი შვილი ჰყავთ, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი. 

2019 წლის მარტში სასამართლო დავის არსებითი განხილვა დაიწყო. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უჩივლეს. ისინი სასამართლოს სთხოვენ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა აეკრძალოს. ბაგრატიონების ორივე შტოს ერთმანეთის წარმომავლობაში ეჭვი შეაქვთ. 

კომენტარები