დევნილები

სახელმწიფო დევნილებს ბინების თანადაფინანსებით შესყიდვას სთავაზობს

კომერსანტი

სახელმწიფო დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით პროექტს იწყებს - 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი შერჩეული საცხოვრებელი ფართები სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ.

დევნილთა სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ერთ კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 350 აშშ დოლარით დააფინანსებს. დევნილი ოჯახის წილი კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 60 დოლარს უნდა შეადგენდეს.

:შესასყიდი საცხოვრებელი ფართის კვადრატულობას ოჯახის წევრთა რაოდენობა განსაზღვრავს. ერთსულიანი ოჯახისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 35კვ.მ, ორსულიანი ოჯახისთვის 40კვ.მ, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე დამატებით 10კვ.მ. პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება" - აცხადებს დევნილთა სამინისტრო.

განაცხადები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში - თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი -  თამარაშვილის ქ. N15ა;
  • ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ. N106;
  • ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27.

აქვე შეგახსენებთ, რომ კომპანია "დირსის" საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სადარბაზოში ორი დღის წინ აფხაზეთიდან დევნილი 150-მდე ოჯახი შეიჭრა და შენობა დაიკავა. დევნილები საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ და შენობის დატოვებას არ აპირებენ. მათი თქმით, სამინისტრო "დირსის" აშენებულ კორპუსში ბინების გადაცემას დაჰპირდა. კომპანია "დირსის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბინები, რომლებიც დევნილებმა დაიკავეს, უკვე გაყიდულია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით კი, ბინები სამინისტროს სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, "დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის" უნდა გადაეცეს. 

"დევნილების მიერ კომპანია "დირსის“ საკუთრებაში შეჭრა წარმოადგენს უკანონო ქმედებას და ამ ოჯახების განსახლების საკითხი იმ დრომდე არ განიხილება, ვიდრე ისინი თვითნებურად დაკავებულ საცხოვრებელ ფართებს არ გაათავისუფლებენ.  სამინისტრო უმოკლეს ვადებში შეისწავლის 200-მდე შეჭრილი დევნილი ოჯახის მდგომარეობას და მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ ოჯახებს, რომელთაც განსაკუთრებით გამოუვალი მდგომარეობა აქვთ. უკანონოდ შეჭრა კი, იმ ათასობით დევნილი ოჯახის უფლებების დარღვევაა, რომლებიც კეთილსინდისიერად ელოდებიან საცხოვრებელი ფართების მიღებას. მხოლოდ შენობის დატოვების შემდგომ განიხილება მათი განსახლების საკითხი, სხვა იძულებით გადაადგილებული პირების მსგავსად, კრიტერიუმების შესაბამისად" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ დევნილების მიერ შენობის დაკავება რემონტის და ბინების გადაცემის პროცესსაც შეაფერხებს.  

"სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში.  ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხიც, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. სამინისტრო, თბილისში, როგორც „დირსისგან“, ისე სხვა სამშენებლო კომპანიებისგან შესყიდულ 800 ბინას დევნილ ოჯახებს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გადასცემს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები