ბრექსითი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსითის გეგმა მესამედაც ჩააგდო

ტერეზა მეი
BBC

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ბრექსითის გეგმა მესამედაც ჩააგდო. 

344 ხმით 286 ხმის წინააღმდეგ გადაწყვეტილება პარლამენტმა 29 მარტს მიიღო. 

გეგმის მეორედ დამარცხების შემდეგ პარლამენტის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ თქვა, რომ ცვლილებების შეტანის გარეშე პარლამენტი ტერეზა მეის ბრექსითის გეგმას ხელახლა ვეღარ განიხილავდა.

ამის საპასუხოდ მეიმ ბრექსითის შეთანხმებიდან 26 გვერდი ამოიღო, რომელიც ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობების პოლიტიკურ დეკლარაციას წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ბრექსითის გადავადებამდე ბრიტანეთს ევროკავშირი სწორედ დღეს, 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც მეის გეგმა პარლამენტში ორჯერ ჩავარდა, პრემიერმინისტრმა ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმებას მიაღწია ბრექსითის ვადის 12 აპრილამდე გადაწევის შესახებ. ამასთან ერთად, თუ პარლამენტი მეის გეგმას მხარს დაუჭერს ვადა 22 მაისამდე გადაიწევს, რათა ქვეყანამ შეთანხმების პირობები დააკმაყოფილოს.

ტერეზა მეიმ თქვა, რომ გადადგება, როდესაც მის ბრექსითის შეთანხმებას შეასრულებს.

"მზად ვარ დავტოვო ეს თანამდებობა იმაზე ადრე, ვიდრე ვაპირებდი, რათა გავაკეთო ის, რაც ქვეყნის და ჩვენი პარტიისათვის უკეთესია. ვიცი, რომ არის ახალი მიდგომისადმი მოთხოვნა, ახალი ლიდერისადმი, ბრექსითის მოლაპარაკებების მეორე ფაზაში, და მე ამას არ გადავეღობები." თქვა მან.

მეის განცხადებიდან რამდენიმე საათში პარლამენტმა კენჭი უყარა მისი შეთანხმების ალტერნატივებს, თუმცა მხარდაჭერა ვერცერთმა ვერ მოიპოვა.

გადადგომის პირობის დადების შემდეგ რამდენიმე პარლამენტარმა, ვინც ამ დრომდე მეის შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა, თქვა, რომ მხარს დაუჭერენ მას.

კენჭისყრის მიმდინარეობისას ლონდონში ნაიჯელ ფარაჟის ლიდერობით საპროტესტო აქცია იგეგმება. მათ მეის გეგმა "ბრექსითის ღალატად" მიაჩნიათ.

გასულ კვირას ლონდონში ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა მასშტაბური აქცია გაიმართა. ორგანიზატორების თქმით ხელახალი რეფერენდუმის მოთხოვნით ქუჩაში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა, თუმცა პარლამენტმა რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები