თაღლითობა

სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაზე 4 პირი დავაკავეთ

ტაბულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე: გურამ გ., გიორგი კ., ტარიელ ი. და რამაზ ი. დააკავეს. 

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ერთერთი კომპანიის დირექტორს 2 700 000 ლარის მათთვის გადახდის სანაცვლოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე სახელმწიფოს მიერ დადებული ინკასოსა და ყადაღის მოხსნას ჰპირდებოდნენ.

ამასთან, სუს-ის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ამ კომპანიის დირექტორს არწმუნებდნენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკუთარი გავლენისა და ნაცნობობის გამოყენებით, მისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის კონკურენციისა და ტენდერში მონაწილეობის გარეშე გადაცემას უზრუნველყოფდნენ. 

სუს-ის თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კომპანიის წარმომადგენლების მოტყუებით "თაღლითურად დაეუფლნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილს $10 000-ს, რა დროსაც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი დააკავეს. 

"გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის ერთერთმა წევრმა, გიორგი კ.-მ, 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზემოხსენებული კომპანიის წარმომადგენელს ვითომდა არჩევნების დასაფინანსებლად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის გადასაცემად 3 ეტაპად, ჯამში მოტყუებით 350 000 ლარი გამოართვა,"- აცხადებს სუს-ის წარმომადგენელი. 

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები