ფარული ჩანაწერები

ბესელია ფარულ ჩანაწერებზე: თუ ერთ თვეში პასუხებს ვერ მივიღებ, მე თვითონ დავარქმევ სახელს

ტაბულა

ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გავრცელების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ კადრების თავიდან გამოჩენა მის მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებულ შტურმს ემთხვევა. ბესელია, ამბობს, რომ თუ ერთი თვის ვადაში შესაბამისი საგამოძიებო უეყბებისგან კადრების გავრცელების დამკვეთები და ორგანიზატორები გამოვლენილები არ იქნებიან, ის თავად დაარქმევს ამ ყველაფერს სახელს. 

"ჩემ მიმართ განხორციელებული ერთგვარი შტურმის ფონზე ისევ გააქტიურდა ეს თემა და ისევ გამოჩნდა ეს უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტი. ესეც შემთხვევით ხდება? მე ვსვამ ახლა კითხვებს და მინდა ამ კითხვებზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლების მხრიდან. გუშინ, როდესაც მედიამ ამის თაობაზე მითხრა, შსს-ს დავუკავშირდი და მათ ვაცნობე. არ ჰქონდათ ინფორმაცია, ჩემგან გაიგეს. რატომ გაიგეს ჩემგან? ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები დაცულები უფრო მეტად უნდა იყვნენ თუ არა ასეთი რამით?! ჩემს დაცვაზე ნაკლებად შეიძლება იფიქრონ და იზრუნონ, რადგან მიჩვეული ვარ ჯერ "ნაციონალური მოძრაობის“ დროს პერსონალურ შტურმს და შურისძიებებს და ბევრი რამ გავიარე. აქამდე ვერ არის ან არ არის ნაპოვნი დამკვეთი, მე ველოდები პირველ საქმეზეც ამ დამკვეთს და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით, ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ შსს-ს და პროკურატურისგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს, რა ჰქვია ამ ყველაფერს," - ამბობს ბესელია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ატვირთვისთვის არასრულწლოვანი დააკავა.  ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, "ამ ეტაპზე, ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება". მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ დაკავებული მოზარდი დანაშაულს აღიარებს

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეო დაახლოებით ორი კვირის წინ არის ატვირთული და 5000-ზე მეტი ნახვა აქვს. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ამის შესახებ შსს-ს აცნობეს და ვიდეო დაარეპორტეს, სოციალური ქსელიდან ვიდეო აიღეს. 

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები ინტერნეტში რამდენიმე კვირის წინაც გავრცელდა, მაშინ შსს-მ 16 ადამიანი დააკავა, 12 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, 4-ს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმის არსებითი განხილვა არ დაწყებულა. 

კომენტარები