პროპორციული არჩევნები

ევ. საქართველო-თავდემების ბლოკმა პროპორციულ სისტემაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების ბლოკმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ბლოკის წევრები ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე დღეს წყნეთის მოსახლეობას შეხვდნენ და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ელენე ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობას აუხსნან რატომ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები და როგორ შველის ეს ერთ კონკრეტულ მოქალაქეს. 

"განწყობა ცალსახაა, ყველას ქართული ოცნების გარდა, ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. ეს არ არის პარტიული ინტერესი, ეს არის ისტორიული ამოცანა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ არასდროს ჩავარდეს ერთი ადამიანის ან ერთი ჯგუფის ხელში. იმისთვის რომ ძალაუფლება იყოს დაბალანსებული, ძალაუფლება იყოს ისეთი, რომელიც ერთმანეთს აკონტროლებს და შესაბამისად მერე ყველას მოუწევს ხალხზე ზრუნვა. ამაზე ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ საზოგადოებასთან და განწყობა ცალსახაა, ყველას ესმის რომ სჭირდება მთავრობა, რომელიც მასზე ზრუნავს და პროპორციული არჩევნები არის სწორედ იმის საშუალება რომ ვაიძულოთ მთავრობას იზრუნოს ხალხზე. დღეს ვესაუბრეთ წყნეთში მოსახლეობას. ჩვენ არ გვჭირდება უბრალოდ ბრმა ხელმოწერები. ძალიან მნიშვნელოვანია ავუხსნათ მათ მნიშვნელობა და ის, თუ როგორ შველის ერთ კონკრეტულ მოქალაქეს," - ამბობს ხოშტარია. 

"როგორც იცით მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია ხელმოწერების შესაგროვებლად პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად. დღეს შეხვედრა გვქონდა წყნეთში ჩვენს მოსახლეობასთან, რომლებსაც ვუხსნით თუ რა მნიშვნელობა აქვს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას და როგორ აისახება ეს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე. მემგონი ძალიან გაგებით შეხვდნენ. ეს პროცესი გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოვივლით და შევაგროვებთ მილიონ ხელმოწერას," - ამბობს ნინო გოგუაძე. 

ოპოზიციური პარტიები პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წლიდან ითხოვენ და ამისათვის ხელმოწერებს აგროვებენ. 

კომენტარები