ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ყოფილ ცოლზე ძალადობასა და გამოძალვაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

www.geo.tv

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ გამოძალვასა და ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებული 2016 დეკემბრიდან 2018 წლის 14 ივნისამდე ყოფილ ცოლს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის მაისში კი ქალზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა.

ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებული ყოფილ ცოლს ფულს სძალავდა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა რომ, 2018 წლის პირველი ივნისიდან 14 ივნისამდე, თ.ჯ. ყოფილ მეუღლეს 3 000 ლარს სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თ.ლ.-ს, ასევე დაზარალებულის ძმის და მამის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ვინაიდან თ.ლ-ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა, მან 2018 წლის 14 ივნისს თ.ჯ-ს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 500 ლარი გადასცა", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, კაცი 2018 წლის 14 ივნისს თბილისში დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და გამოძალვის მუხლებით წარედგინა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი და 181-ე მუხლის პირველი ნაწილი).

პროკურატურაში ამბობენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

კომენტარები