სოციალური მუშაკების პროტესტი

სოციალური მუშაკები: ჯანდაცვის უწყება მედიაციის პროცესის ხელის შეშლას და ზეწოლას ცდილობს

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მათზე ზეწოლას და მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს. 

მათი თქმით, უწყებამ რეგიონში მომუშავე სოციალურ მუშაკებს თბილისში ჩამოსვლა და სავალდებულო შეხვედრაზე დასწრება მოსთხოვა, რომელიც დღეს, მედიაციის ფარგლებში ჩანიშნული პირველი შეხვედრის პარალელურად გაიმართება. 

მედიაციის პროცესის დაწყებას სოციალური მუშაკები პროტესტის დაწყების პირველივე დღიდან ითხოვენ, თუმცა, მის ფარგლებში პირველი შეხვედრის გამართვა მხოლოდ 20 მარტს, თვენახევრის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ რეგიონებში მომუშავე ადამიანებისთვის მინისტრთან შეხვედრის მოტივი უცნობია. აქვთ ეჭვი, რომ ეს მათზე ზეწოლას ემსახურება და გარდა ამისა, რეგიონიდან ჩამოყვანილ სოციალურ მუშაკებს ართმევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ წინასწარ დაგეგმილ მედიაციის პროცესში.

"ასევე, გვაქვს ეჭვი, რომ სამინისტროს სურს, სოციალური მუშაკების ერთსულოვანი პროტესტი წარმოჩნდეს მხოლოდ ცალკეული სოციალური მუშაკების პროტესტად", - თქვა ისანი-სამგორის სერვის-ცენტრის სოციალურმა მუშაკმა, თამარ წიკლაურმა დღეს პრესკონფერენციაზე. 

სოციალურმა მუშაკებმა რამდენიმე დღის წინ გაფიცვაც დააანონსეს, ვინაიდან მათი მოთხოვნების შესრულებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტომ არაფერი გააკეთა - ისინი გეგმავენ, 25 მარტს გაიფიცონ, თუ მედიაციის პროცესი კვლავ უშედეგოდ ჩაივლის. 

სოციალური მუშაკების პროტესტის საინიციატივო ჯგუფის წევრის, ქეთი ხუციშვილის თქმით, ყველა სოციალური მუშაკი მთელი საქართველოს მასშტაბით არის მობილიზებული და ყველა ერთსულოვანია.

"ყველა მიიჩნევს, რომ ახლა რამე კომპრომისზე წასვლა, თუნდაც არგაფიცვა, არის დანაშაული საკუთარი ბენეფიციარების წინაშე. შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ როგორი მცდელობების არ უნდა ჰქონდეს დამსაქმებელს და ასეთი მცდელობები მას ჰქონდა, როდესაც სათითაოდ ურეკავდნენ სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელებს და ეუბნებოდნენ, რომ სოციალურმა მუშაკებმა სხვა რეგიონებიდან უკან გაიწვიეს განცხადებები, აღარ მონაწილეობენ კოლექტიურ დავაში და მხოლოდ ის ცენტრი რჩება წინა ხაზზე. ეს არის ზუსტად ზეწოლის და დაქსაქსვის მცდელობა. 

ასევე, არანაირ ლოგიკურ ჯაჭვში არ ჯდება, როცა სოციალური მუშაკი არის მოდავე მხარე ჯანდაცვის სამინისტროსთან. ასევე, დამსაქმებელმა დარეკოს და დაავალდებულოს მოდავე მხარე, დაესწროს შეხვედრას, სცდება ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოს. შესაბამისად, ამასაც აღვიქვამთ, როგორც ზეწოლას. როცა მე ვასრულებ სამუშაოს და დამსაქმებელი მირეკავს და მავალდებულებს, გამივცხადდე შეხვედრაზე ახალციხიდან, აჭარიდან და ა.შ", - თქვა ქეთი ხუციშვილმა. 

სოციალური მუშაკების ამ განცხადების პასუხად ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ამბობს, რომ არავითარი ორი პარალელური შეხვედრა არ იგეგმება და მხოლოდ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი მედიაციის ფარგლებში. 

"შეხვედრა არის ერთი, მხოლოდ მედიაციის ფარგლებში, რომელსაც დავესწრები მე, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, როგოც დამსაქმებელი, მედიატორი და ყველა ის სოციალური მუშაკი, რომელიც ჩართულია მედიაციის პროცესში", - ამბობს ბარკალაია.

სოციალურმა მუშაკებმა პროტესტი რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს.

მიზეზი მრავალია: 

თვეში დაკისრებული ათობით ახალი საქმე, ცოტა სოციალური მუშაკი, ბენეფიციარების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი სერვისები (თავშესაფრების, ფსიქოლოგის, მიმღები ოჯახების და სხვა) არარსებობა ან სიმწირე, რის გამოც მრავალი მნიშვნელოვანი შემთხვევა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და ზოგ შემთხვევაში ფატალური შედეგებითაც სრულდება, ასევე, მათზე დაკისრებული ბევრი უფლება-მოვალეობა, რომლებიც სოციალური მუშაკების კომპეტენციას სცდება. 

როგორც სოციალური მუშაკები ამბობენ, ბენეფიციარების დახმარებას ხშირად სახელმწიფო სისტემის მიღმა, თავიანთი პირადი კონტაქტების, ფინანსური და სხვა რესურსის ხარჯზე, უდიდესი ძალისხმევის ფასად ახერხებენ.

სოციალურმა მუშაკების მოთხოვნათა ნაწილი:

  • გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა ყველა სერვის ცენტრში, რომ თითო სოციალურ მუშაკს თვეში მაქსიმუმ 50 საქმე დაეწეროს;
  • გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა;
  • გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იურისტების რაოდენობა;
  • თითოეულ სოციალურ მუშაკს ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი და დოკუმენტების შესანახი დახურული სივრცე, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით;
  • თითოეულ ცენტრში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც დაცული და დაარქივებული იქნება მეურვეობა/მზრუნველობის და სოციალური პროგრამების მიმართულებით წარმოებული საქმეები;
  • ყველა ცენტრი ადაპტირდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
  • სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილები იყვნენ სამედიცინო დაზღვევით და ჰქონდეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სარგებლობის უფლება;
  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნას დაცული სოციალური მუშაკების პირადი უსაფრთხოება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები აღიჭურვოს უსაფრთხოების სისტემებით.

სოციალური მუშაკები ასევე ითხოვენ, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებისგან, ექსპერტებისაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იქნება შემდგარი და რომელიც გამოავლენს სისტემურ ხარვეზებს და მათ აღმოსაფხვრელად კონკრეტულ ნაბიჯებს დაგეგმავს.

სოციალური მუშაკები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე შეხვდნენ, თუმცა, მათი თქმით, დავით სერგეენკოსგან მხოლოდ ზოგადი კომენტარები მოისმინეს. სოციალური მუშაკების თქმით, მინისტრის პასუხები გაუაზრებელი და რეალობას აცდენილი იყო. უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარესთან, აკაკი ზოიძესთანაც. 

სოციალური მუშაკების ნაწილმა, სერვისების არარსებობის და ბენეფიციარების ვერდახმარების სამსახურიც დატოვა. თუმცა, სამინისტრომ, ცვლილებების ნაცვლად სოციალური მუშაკების პოზიციაზე 30 ახალი ვაკანსია გამოაცხადა, უცვლელი, დატვირთული უფლება-მოვალეობებით. 

ვრცლად სოციალური მომსახურების სააგენტოში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები