ბრექსითი

ტერეზა მეი ევროკავშირს ბრექსითის ხანგრძლივად გადავადებას არ სთხოვს

ტერეზა მეი
AFP

ტერეზა მეი ევროკავშირს ბრექსითის ხანგრძლივად გადავადებას არ სთხოვს. გავრცელებული ინფორმაციით დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ევროკავშირიდან გასვლის ბოლო ვადის გადადება ივნისის ბოლომდე სურთ.

ტერეზა მეი ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართავს და ხვალ მათთან ერთად ამ საკითხს ევროკავშირის სამიტზე განიხილავს.

ბრექსითის გადადებას ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი უნდა დათანხმდეს. ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით გადავადებას ბრიტანეთის მხრიდან კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარდგენის გარეშე არ დათანხმდებიან.

ამჟამად გასვლის ვადა 29 მარტია. გასულ კვირას, ტერეზა მეის ბრექსითის გეგმის კიდევ ერთხელ ჩავარდნის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის ვადის გადაწევას მხარი დაუჭირა. ევროკავშირის დატოვების საბოლოო თარიღად 29 მარტის შეცვლის მომხრე 412 პარლამენტარი იყო, ხოლო წინააღმდეგი 202.

ევროკავშირის დატოვების შესახებ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა კი ჩავარდა. მას მხარი მხოლოდ 85-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 334 იყო.

ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ თქვა, რომ ცვლილებების შეტანის გარეშე პარლამენტი ტერეზა მეის ბრექსითის გეგმას ხელახლა ვეღარ განიხილავს.

კომენტარები