სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

МГУ-ს მტკიცებით, კონფერენციაზე სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების მიწვევა ხუმრობა იყო

Russia Today

მოსკოვის სახელმწიფო უნივერისტეტის მტკიცებით, სასწავლებელში სოლსბერის მოწამლვაში ორი მთავარი ეჭვმიტანილის მოწვევა “ხუმრობა” იყო.

სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური უარყოფის გავრცელება მას შემდეგ დასჭირდა, რაც მისმა ერთ-ერთმა პროფესორმა თქვა, რომ კონფერენციაზე სკრიპალის მოწამლვაში მთავარი ეჭვმიტანილები მოიწვიეს.

პროფესორმა ანდრეი მანოილომ რადიოს Говорит Москва მარტის დასაწყისში, სკრიპალების მოწამვლის ერთი წლის თავზე,  უთხრა, რომ უნივერსიტეტმა კონფერენციაზე “ალექსანდრე პეტროვი” და “რუსლან ბოშიროვი” მოიწვია.  ეს სოლბერის მოწამვლაში ორი მთავარი ეჭვმიტანილის, ანატოლი ჩეპიგასა და ალექსანდერ მიშკინის, ყალბი სახელებია. მანოილოსვე თქმით, კონფერენციის სახელწოდება “საინფორმაციო ომის ტექნოლოგიებია”. მან იმედი გამოთქვა, რომ ისინი გაგზავნილ მოწვევას გამოეხმაურებიან და აღნიშნა, რომ შემდეგ კონფერენციას სოლსბერის კათედრალში დაგეგმავენ.

უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, რუსეთის ერთერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლის პროფესორის განცხადებამ ბევრი შეაშფოთა - სოციალური ქსელების მომხმარებლებლი იმედს გამოთქვამდნენ, რომ ეს შავი იუმორი და “ტორლინგის” მორიგი შემთხვევა იყო.

4 მარტს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი შუტოვმა მსგავსი კონფერენციის ჩატარება უარყო. დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ანდრეი მანოილომ მხოლოდ იხუმრა.

თუმცა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მანოილომ თქვა, რომ “ჩეპიკაგასა” და “მიშკინის” დაპატიჟება ხუმრობა არ ყოფილა. მისი თქმით, ხსენებულ პირებს “პირადი კავშირებით“ დაუკავშირდა და მათგან პასუხს ელოდა. მანოილო ამბობს, რომ სკრიპალის საქმე ამჟამინდელი საინფორმაციო ომის ყველაზე გრძელი და ფართო კამპანიაა.

ანდრეი მანოილო რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტი და რუსეთის უშიშროების საბჭოს სამეცნიერო საბჭოს ამჟამინდელი წევრია. RTVI-ს 2018 წლის რეპორტაჟის მიხედვით, უნივერსიტეტში ის ასწავლის არჩევით კურსს “საინფორმაციო ომი“. პროფესორი სტუდენტებს ეუბნება, რომ დასავლური სადაზვერვო სააგენტოები სოლსბერის მოწამლვაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რათა რუსეთისთვის საერთაშორსიო ნდობა დაეკარგათ. სტუდენტების თქმით, კურსის ფარგლებში მათ არა პროპაგანდით, არამედ ახალი ინფორმაციით ამარაგებდნენ.

სერგეი და იულია სკრიპალები 2018 წლის 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით, ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს, თუმცა დანაშაულში მთავარი ეჭვმიტანილები GRU-ს აგენტები არიან.

გასულ წელს Russia Today-ზე გასულ ინტერვიუში მათ თქვეს, რომ სოლსბერიში ტურისტებად ჩავიდნენ და კათედრალი მოინახულეს.

2018 წელს დამოუკიდებელმა რუსულმა ცენტრმა „ლევადა“  სოლსბერის მოწამვლის შესახებ გამოკითხვა ჩაატარა - რუსების მხოლოდ 3% თვლიდა, რომ ეს რუსულმა საიდუმლო სამსახურმა ჩაიდინა, 28% პასუხისმგებლობას ბრიტანელ მაღალჩინოსნებს აკისრებდა, ხოლო 56%-ის აზრით, ნებისმიერს შეეძლო ამის ჩადენა.

იმ შემთხვევაში, თუ კონფერენციაზე მოწვევა მართლაც ხუმრობა აღმოჩნდა, ის პირველი არ იქნება: 2018 წლის დეკემბერში რუსულმა პროპაგანდისტულმა სახელმწიფო მედიამ, Russia Today-მ საჩუქრების სახით შოკოლადისაგან დამზადებული სოლსბერის კათედრალი  დააგზავნა. ბოლო დროს, რუსეთში ერთ-ერთ ზეთისხილის ზეთს სოლსბერის მოწამლვაში გამოყენებული საწამლავის სახელით „ნოვიჩოკით“ მოიხსენიებენ, ასევე რუსეთში იყიდება სამაგიდო თამაში სახელწოდებით "ჩვენი ბიჭები სოლსბერიში". 

კომენტარები