სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილები RT-ს ინტერვიუში: სოლსბერიში ტურისტებად ჩავედით

RT

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სეგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში დადანაშაულებული რუსეთის ორმა მოქალაქემ, ალექსანდ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა რუსულ სამთავრობო ტელევიზიას, Russia Today-ს ინტერვიუ მისცეს, სადაც ამბობენ, რომ სოლსბერიში ტურისტებად ჩავიდნენ და სოლსბერის გარდა სტოუნჰენჯი და ლონდონიც მოინახულეს.

"ჩვენი მეგობრები დიდხანს გვირჩევდნენ ამ შესანიშნავი ქალაქის მონახულებას." თქვეს მათ და აღნიშნეს, სოლსბერიში ერთ საათზე დაკლები დაჰყვეს, რადგან ცუდი ამინდი იყო.

Russia Today-ს ეთერში გამოჩენილი პირები ბრიტანეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ სურათებში ასახულ პირებს ჰგვანან და ამბობენ, რომ ბრიტანეთის პოლციის მიერ ეჭვმიტანილად დასახელებული ალექსანდ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი არიან, თუმცა დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით რუსეთის მოქალაქეები ყალბი პასპორტებით სარგებლობდნენ და სავარაუდოდ მათი სახელებიც ყალბი იყო.

პოლიციის მიხედვით სკრიპალების კარზე მომწამლავი ნივთიერების დასატანად ნინა რიჩის სუნამოს მოდიფიცირებული ფლაკონი გამოიყენეს. ამასთან დაკავშირებით Russia Today-ს ჟურნალისტის კითხვაზე მათ უპასუხეს:

"სულელური არ არის, პატიოსან ყმაწვილებს რომ ქალის სუნამო ჰქონდეთ? საბაჟოზე ყველაფერს ამოწმებენ. ხომ გაუჩნდებოდათ კითხვა რატომ აქვთ კაცებს ქალის სუნამო ბარგში. ჩვენ ის არ გვქონია." თქვეს მათ.

მათივე თქმით GRU-სთან არავითარი კავშირი არ აქვთ, ჩვეულებრივი ბიზნესმენები არიან და "ფატალური დამთხვევის" მსხვერპლები გახდნენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თქმით ისინი რუსული შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები არიან და ოპერაციაზე დასტური სავარაუდოდ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე გაიცა.

გუშინ ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეები კრიმინალები არ არიან.

პუტინის თქმით მისმა მთავრობამ ალექსანდერ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი იპოვა და იმედი აქვთ, რომ ისინი მალე მოყვებიან თავიანთ ისტორიას.

"ჩვენ ვიცით ვინ არიან ისინი, ჩვენ ვიპოვეთ ისინი." თქვა პუტინმა ვლადივასტოკში საუბრისას.

"იმედი მაქვს, რომ ისინი თავად გამოჩნდებიან და მოყვებიან ყველაფერს. ეს უმჯობესი იქნება ყველასთვის. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის, არაფერი კრიმინალური, გარწმუნებთ. ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ." თქვა მან.

ბრიტანეთის პოლიცია თავდასხმას კიდევ ორი ადამიანის მოწამვლასთან აკავშირებს, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. სავარაუდოდ ისინი მას შემდეგ მოიწამლნენ, რაც შეხება ჰქონდათ პარფიუმერიის ბოთლთან, რომელიც, სავარაუდოდ, სკრიპალების კარზე მომწამლავი ნივთიერების მისასხურებლად გამოიყენეს.

უკვე გამოიცა ევროკავშირის მასშტაბით დაკავების ორდერი. დიდი ბრიტანეთი მათი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთს არ მიმართავს, რადგან ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციის თაობაზე შეთანხმება არ არსებობს.

კომენტარები