სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილი მეორე პირი GRU-ს სამხედრო ექიმია

ალექსანდრ მიშკინი
AP

The Bellingcat-ის საგამოძიებო ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ბრალდებული რუსეთის მეორე მოქალაქის შესახებ.

გამოძიების მიხედვით ეჭვმიტანილის ნამდვილი სახელი ალექსანდრ მიშკინია და ის GRU-ს სამხედრო ექიმია.

რუსეთის სადაზვერვო სამსახურში მუშაობა მან ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დაიწყო და მას შემდეგ რამდენიმეჯერ იმყოფებოდა უკრაინაში, მათ შორის 2013 წელსაც.

გასულ თვეს გამოაქვეყნეს პირველი ეჭვმიტანილის, ანატოლი ჩეპიგას შესახებ ინფორმაცია. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით რუსლან ბოშიროვის სახელით ცნობილი ადამიანი სინამდვილეში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ)-ს ოფიცერი ანატოლი ჩეპიგაა და ის თავისი საქმიანობისთვის რუსეთის სახელმწიფოს მიერ არაერთხელაა დაჯილდოვებული.

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

კომენტარები