სასამართლო რეფორმა

ღარიბაშვილი: მოსამართლეებთან დაკავშირებული პროცესი ენმ-ის მიერ არის ორკესტრირებული

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მოსამართლეებთან დაკავშირებული პროცესი ენმ-ის მიერ "ძალიან ჭკვიანურად არის ორკესტრირებული". მან TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ ამაში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული "ნებით თუ უნებლიეთ" ან "ბრმა იარაღად".

"ბედავენ და სასამართლოზე ლაპარაკობენ, სასამართლოს დამორჩილებაზე და საუბრობენ, თითქოს ვინმეს კუთვნილებაშია სასამართლო, ეს ასე არ არის... ეს არის ოსკესტრირებული ჩვენი მთავარი დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მიერ, მათი სატელიტი არასამთავრობების მიერ და ვიღაც სუბიექტების ჩართულობა იკვეთება ამ პროცესში" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი არც ინტერესდება მოსამართლეების გვარებით.

"მას არ აქვს შეხება ამ ადამიანებთან და არც უნდა ჰქონდეს" - თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანმა სიამ "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება გამოიწვია. შედეგად, უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ და სხვა დეპუტატებმა. ამასთან, კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა უკმაყოფილებას იწვევდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებშიც.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატით უკმაყოფილოა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

კომენტარები