სასამართლო რეფორმა

ღარიბაშვილი: დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ყოფილი პრემიერმინისტრის, ამჟამად ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ნებისმიერი მოსამართლე, რომლის ჩართულობა, მონაწილეობა, თანამონაწილეობა მძიმე საქმეში დასტურდება და არსებობს ლეგიტიმური კითხვები საზოგადოების მხრიდან, ჩემი პოზიცია არის მარტივი - ამ კითხვებზე ყველაფერზე უნდა იყოს ამომწურავი პასუხი გაცემული". როგორც მან TV პირველის ეთერში აღნიშნა, საზოგადოების არც ერთ ფენას არ დარჩეს განცდა, რომ "აქ რაღაც ისე არ არის". 

ინგა გრიგოლიამ შეახსენა, რომ ლევან მურუსიძეს სტრასბურგის სასამართლომ "გასცა პასუხი", თუმცა, ის უვადოდ დაინიშნა, ამაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იკითხა - "ვინ დანიშნა, პარტიამ დანიშნა?". მისი თქმით, კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ სურს.

"მე არავის ადვოკატი არ ვარ, ერთი რამ შემიძლია ვთქვა - ყველა ის ადამიანი, საჯარო მოხელე, რომელიც სწორ სახელმწიფოებრივ პოზიციას გაატარებს და იქნება ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ.

არ არის არც ერთი მოსამართლე ქართული ოცნების კუთვნილება, არც ბიძინა ივანიშვილის, რეალურად, დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე" - თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანმა სიამ "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება გამოიწვია. შედეგად, უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ და სხვა დეპუტატებმა. ამასთან, კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა უკმაყოფილებას იწვევდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებშიც.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატით უკმაყოფილოა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

კომენტარები