ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრება

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომას ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. შესაბამის ვიდეოს მმართველი გუნდის პრესსამსახური ავრცელებს. 

ედიის ნაწილის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 და TV პირველი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. ამასთან, ქართული ოცნების დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის საერთო ფოტოს აქვეყნებს.

მას შემდეგ, რაც 2015 წლის 23 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, ის პოლიტიკაში აქტიურად ჩართული აღარ ყოფილა. Facebook-გვერდის საშუალებით იგი მოსახლეობისთვის სხვადასხვა დღესასწაულის მილოცვით შემოიფარგლებოდა. 

თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველი პოლიტიკური განცხადება მან 2016 წლის 8 ოქტომბერს გააკეთა, როდესაც "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 2017 წლის 27 თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა, ის საპატრიარქოში იმყოფებოდა. ღარიბაშვილმა საპატრიარქოში ზუსტად 15 წუთი დაჰყო და არც შესვლამდე და არც შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბოლო საჯარო განცხადება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გააკეთა, როდესაც მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

კომენტარები