დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: უმრავლესობიდან გამოსვლის პროცესი არ დასრულებულა, მხოლოდ დაიწყო

ტაბულა

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტში ახალი ფრაქციის შესაქმნელად კონსულტაციები გრძელდება. მისივე თქმით, გაერთიანდებიან სამართლიანობისა და გამართული მართლმსაჯულების იდეის ირგვლივ.

ჟურნალისტების კითხვას, კიდევ ვინ იქნება მის გუნდში, ბესელია პასუხობს, რომ დეპუტატების ნაწილი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას. ის ასევე აღნიშნავს, რომ უმრავლესობიდან გამოსვლის პროცესი არ დასრულებულა, "მხოლოდ დაიწყო".

"კონსულტაციები მაქვს სხვადასხვა კოლეგასთან და ვნახოთ. უმრავლესობიდან გამოსვლის პროცესი დასრულებული არ არის, ის მხოლოდ დაიწყო და მე მგონია, რომ ეს შეუქცევადი პროცესია და შესაძლებელია, სწორედ ძალთა ამ გადანაწილებამ და პოლიტიკური შემადგენლობის ცვლილებამ ბევრი რამ შეცვალოს სასიკეთოდ. ეს არ არის ცუდი პროცესი, ეს არის ჯანსაღი პროცესი, რაც იმ ცუდ და ნეგატიურ შიდა მოვლენებს მე ვფიქრობ, რომ მისცემს ძალიან კარგ და ჯანსაღ შესაძლებლობას, რომ პროცესები უფრო მეტად გადავიდეს დემოკრატიულ რელსებზე", - ამბობს დეპუტატი.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს არამხოლოდ ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით. გეგმებზე დეტალურად ბესელია არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ სხვადასხვა ჯგუფთან აქვს კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში საინტერესო პროცესები იქნება.

"იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა, გაცილებით ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური თანხმობა სჭირდება. ეს არის ის პროცესი, სადაც მე ასევე მაქვს კონსულტაციები სხვადასხვა ჯგუფებთან, მაგრამ დღეს ვერ გეტყვით ვისთან. ჯერ არ ვარ მზად იმის სათქმელად, თუ რა იქნება შემდეგი, მაგრამ თქვენ ნახავთ უახლოეს პერიოდში ასევე საინტერესო მოვლენებს, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ მხოლოდ ფრაქციულ ფორმატში, ძალიან ბევრი თანამოაზრე გამოჩნდა პარლამენტს გარეთ - ადამიანები, რომლებიც მზად არიან იყვნენ თანამონაწილენი ამ იდეის რეალიზებისთვის. სამართლიანობისთვის ბრძოლა ქართველისთვის არის ყველაზე ემოციური პროცესი, ამიტომ იმაზე მეტი თანამოაზრე გამოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი", - უთხრა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სია გააპროტესტეს.

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, სადაც ის გედევან ფოფხაძემ შეცვალა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ გედევან ფოფხაძე თანამდებობიდან გაიწვია და მიზეზად მისი რეგლამენტის დარღვევით დანიშვნა დაასახელა. 

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა გადადებულიყო. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ქართული ოცნება დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ. ასევე, ბექა ნაცვლიშვილმა, თუმცა, მან არა ბესელიას კანონპროექტის, არამედ თავისი საკანონმდებლო ინიციატივის გამო დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ასევე ჩააგდო. ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს, რომლისთვისაც მინიმუმ 6 დეპუტატია საჭირო.

კომენტარები