AmCham: TBC-ზე სებ-ის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სამართლებრივ პროცედურებს არღვევდეს

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
ტაბულა

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქოუგილი TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა. 

დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამერიკის სავაჭრო პალატა, როგორც წესი, თავს იკავებს ხოლმე კომენტარის გაკეთებისგან ისეთ საკითხებზე, რომლებზეც გამოძიება დასრულებული არ არის, თუმცა TBC ბანკის საქმის ირგვლივ მიმდინარე "ექსტრაორდინალური ვითარებიდან გამომდინარე", ორგანიზაციას სჯერა, რომ საჯარო განცხადების გაკეთება მნიშვნელოვანია. 

"TBC ბანკი, ბატონი ხაზარაძისა და ბატონი ჯაფარიძის ხელმძღვანელობის ქვეშ, უკვე 15 წელია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი წევრია. და მეტიც, TBC საქართველოსა და მთელი რეგიონის ეკონომიკისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი საყრდენია და მისი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსის წევრობა მთელი საქართველოს წარმატების ნათელი მაგალითია. 

ისე ჩანს, თითქოს ეროვნული ბანკმა, TBC-ის მეწილეების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, მიღებულ სამართლებრივ ნორმებს გვერდი აუარა და მათი გადაყენება შესაბამისი პროცედურების გარეშე მოითხოვა. აქედან გამომდინარე, ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს TBC-ისა და მისი მმართველების უფლებებს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით, გამოიყენონ ყველა სახის სასამართლო დაცვის საშუალება. 

ამასთან, პალატა აღიარებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ როლს და მთავარი პროკურატურის უფლებამოსილებას გამოძიების აუცილებლობის შესახებ. ჩვენ მივესალმებით TBC-ის მზაობას პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის შესახებ, რაც გამოიხატა ყველა საჭირო დოკუმენტის გამოძიებისთვის გადაცემაში და ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ სამთავრობო თუ საპარლამენტო სპეციალური კომისიის შექმნას, რათა ეს გამოძიების სწრაფ მიმდინარეობას დაეხმაროს. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ გააგრძელონ მუშაობა, რათა იპოვონ გამჭვირვალე, სამართლიანი და დროული გამოსავალი ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში, განგრძობადი, ძალიან საჯარო დაპირისპირება შედეგად საქართველოს ეკონომიკისთვის, რეპუტაციისა და მომავალი უცხოური ინვესტიციებისთვის საფრთხის შემცველი იქნება,"- წერია AmCham-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ვრცლად

კომენტარები