თიბისი ბანკის საქმე

საბანკო ასოციაცია: სებ-ის გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებს TBC-ის განვითარებაზე

საბანკო ასოციაცია

საქართველოს საბანკო ასოციაცია TBC ბანკის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება მის განვითარებაზე გავლენას არ იქონიებს. 

"თიბისი ბანკი არის ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში (FTSE250) და იმართება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით. თიბისი ბანკი ფინანსური მაჩვენებლებით არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. აღნიშნული გვაძლევს უფლებას სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის სამომავლო განვითარებაზე და მის სტრატეგიაზე.

მისასალმებელია თიბისი ბანკის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერების და ბანკის ინტერესები.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მხარს უჭერს თიბისი ბანკს და ყველა თიბისელს და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან", - აცხადებს საბანკო ასოციაცია. 

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. 

TBC-იმ თქვა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". 

კომენტარები