თიბისი ბანკის საქმე

6 სექტემბერს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ

ხვალ, 6 სექტემბერს, თიბისი ბანკის დამფუძნებლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ქართველი და უცხოელი ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ. არსებული ინფორმაციით, პრეკონფერენცია სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში 12 საათზე გაიმართება.

პრესკონფერენციას ბანკის დამფუძნებლების ქართველი ადვოკატის, ზვიად კორძაძის გარდა, ორი უცხოეული ადვოკატიც წაუძღვება. სტივენ ქეი, 60 წლიანი გამოცდილების მქონე ბრიტანელი ადვოკატია. წლების განმავლობაში ქეი, ინგლისის და უელსის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის მდივნის პოსტს იკავებდა.

ვინსენტ ბერგერი, ასევე მრავალწლიანი გამოცდილების ადვოკატია საფრანგეთიდან. ბერგერი წლების განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, ასევე, იყო ევროსაბჭოს ექსპერტიც.  . 

წინა დღეებში ცნობილი გახდა რომ, პროკურატურამ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიურ მისიების წარმომადგენლები სპეციალურ შეხვედრაზე მიიწვია. შეხვედრაზე დიპლომატები პროკურატურის მიერ, დაქირავებული ორი უცხოეული ექსპერტის, მოშე ლადორის და პოლ კოფის მომზადებულ დასკვნას უნდა გაცნობოდნენ, რომელიც მათ თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით მოამზადეს. 

პროკურატურაში მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს და აღნიშნეს, რომ 6 სექტემბერს არანაირი შეხვედრა დიპლომატიურ მისიებთან არ იგეგმებოდა, თუმცა ტაბულამ გაასაჯაროვა წერილის ასლი, რომლითაც პროკურატურამ დიპ. მისიების წარმომადგენლები შეხვედრაზე 6 სექტემბერს მიიწვია.

მოგვიანებით ასევე, გავრცელდა პროკურატურის მხრიდან გაგზავნილი წერილი შეხვედრის გაუქმების შესახებ.

კომენტარები