ბრექსითი

ტუსკის თქმით შეთანხმების გარეშე ბრექსითის მომხრეებისთვის ჯოჯოხეთში სპეციალური ადგილია

დონალდ ტუსკი
Reuters

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით ევროკავშირი ბრიტანეთისათვის ახალი შეთანხმების შეთავაზებას არ აპირებს. მისივე თქმით ის ადამიანები, ვინც ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას უჭერენ მხარს, "ჯოჯოხეთში სპეციალურ ადგილს იმსახურებენ."

ტუსკის თქმით მას ბრექსითის შეჩერების იმედი აღარ აქვს და ახლა მისი პრიორიტეტი გასვლისას ფიასკოს თავიდან აცილებაა:

"ვფიქრობდი როგორ გამოიყურება ის განსაკუთრებული ადგილი ჯოჯოხეთში, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ბრექსითს მხარი მისი უსაფრთხოდ განხორციელების გეგმის მონახაზის ქონის გარეშე დაუჭირა." თქვა მან.

მის კომენტარს ბრექსითის ვეტერანი მხარდამჭერი, ევროპარლამენტის წევრი ნაიჯელ ფარაჟი გამოეხმაურა:"ბრექსითის შემდეგ ჩვენ თავისუფლები ვიქნებით შენნაირი მჩაგვრელებისაგან - ჩემთვის ეს სამოთხესავითაა."

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ტერეზა მეის უთხრა, რომ ევროკავშირი ბრექსითის შეთანხმების გადახედვას არ აპირებს, თუმცა გადაჭრის განსხვავებული გზების მოძებნა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა არსებულ შეთანხმებაში ე.წ. ბექსტოპის ჩანაცვლებას მხარი 317-ით 301-ის წინააღმდეგ დაუჭირა. არსებული შეთანხმების მიხედვით გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში და ვერ დატოვებდა მას მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლის, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნება. გარდა ამისა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა.

დონალდ ტუსკმა თქვა, რომ ევროკავშირი მზადაა განიხილოს ბრიტანეთის "დასაბუთებული თხოვნა" ევროკავშირიდან გასვლის ვადის გახანგრძლივებაზე, თუმცა ბრიტანეთს მსგავსი თხოვნით ჯერ არ მიუმართავს. პარლამენტში ვადის გადადებასთან დაკავშირებული პროექტი ჩავარდა.

იმ შემთხვევაში, თუ გასვლის თაობაზე შეთანხმებას დადგენილ ვადამდე, 29 მარტამდე ვერ მიაღწევენ, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს, რაც როგორც ბრიტანეთში, ასევე ევროკავშირში ყველაზე არასასურველ სცენარად მიაჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ტერეზა მეის მიერ წარდგენილ ბრექსიტის შეთანხმებას, ქვეყნის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. გეგმის წინააღმდეგ ხმა 432-მა წევრმა მისცა, ხოლო მომხრე მხოლოდ 202 იყო. გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მოქმედი მთავრობისთვის ეს ყველაზე დიდი მარცხია.

კომენტარები