ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნოდია: რა იდეები ჰქონდა ქადაგიძეს ილიაუნიში პრობლემების გამოსასწორებლად, კარგად ვერ გავიგე

პატიოსნად ჩამოვტვირთე გიგა ზედანიას და გიორგი ქადაგიძის დისკუსია და ვუყურე. მხოლოდ 45 წუთი გავქაჩე - სხვაც ბევრი საქმე მაქვს, პირველი რიგში როგორც ილიას უნივერსიტეტის პროფესორს. მთავარს ადამიანები ყოველთვის დასაწყისში ამბობებ.

ჩემი აზრით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში ოპტიკურია - ანუ გარედან როგორ ჩანს მოვლენები. ზოგადად ვიცით, რომ რეორგანიზაცია შეიძლება იყოს არასასურველი ადამიანების თავიდან მოშორების ტექნიკა. დისკუსიაშიც და მანამდეც გამოჩნდა, რომ დეკან ქადაგიძესა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციიას შორის იყო კონფლიქტები - ე.ი. ამ უკანასკნელს ჰქონდა ქადაგიძის მოშორების მოტივი. დამკვირვებელი ადვილად გააკეთებს დასკვნას: „აჰა, რეორგანიზაცია ქადაგიძის მოსაშორებლად მოიფიქრეს“. ვინც ეს ერთხელ დაიჯერა, პრაქტიკულად შეუძლებელია, გადაარწმუნო. ამიტომ ამაზე დისკუსიას აზრი არა აქვს. გიგა ზედანიას თავში ვერ შეუძვრები და მოტივებს ვერ გაუსინჯავ.

აზრიანი დისკუსია შეიძლება მხოლოდ იმაზე, ასეთი რეორგანიზაცია რამდენად გამართლებულია, და რამდენად სწორად ჩატარდა პროცესის თვალსაზრისით. როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრმა, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები მოვისმინე მის სასარგებლოდ (მაშინ პიროვნულ კონფლიქტზე არაფერი ვიცოდი). მერე, საკამათო რომ გახდა ყველაფერი, ჩავგუგლე school of business and technology და უამრავი ასეთი ამომიგდო მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამ ორი დარგის ერთ ფაკულტეტად გაერთიანება სრულიად მიღებული პრაქტიკაა. არავითარი საფუძველი არა გვაქვს ვთქვათ, რომ ამ გაერთიანების გამო სტუდენტებს რამე დაუშავდებათ.

რაც შეეხება პროცესს: ძალიან სწრაფად მოხდაო. არ ვიცი, როგორია ასეთ შემთხვევაში სწორი ვადა. მთავარია: უფრო გრძელ ვადაში რა უნდა მოსწრებულიყო, რაც ვერ მოესწრო? ამაზე პასუხი არ მიმიღია. კონკრეტიკაზე ქადაგიძის არგუმენტები იყო სუსტი. მან დემონსტრაციულად უარი თქვა სამუშაო ჯგუფში შესვლაზე, რომელიც ამ საკითხს განიხილავდა: ამით მან პასუხიმგებლობა წინასწარ მოიხსნა და პროცესის გამჭვირვალობის გამო პრეტენზიების წამოყენების მორალური უფლებაც დაკარგა. ასევე სუსტი იყო არგუმენტი, რატომ არ შევიდა ჯგუფში: უფრო ფართო შემადგენლობა უნდა ყოფილიყოო, ექსპერტები, დამსაქმებლები და ა. შ. შეეყვანათო. ბოდიში ამ სიტყვისთვის, აქ ცოდა დემაგოგიის სუნი მეცა. ყოველი დაწესებულების შიგნით რეორგანიზაციის საკითხი თვით ამ დაწესებულების ფარგლებში წყდება (თუ ზემდგომი სხვაგვარად არ მოითხოვს). ნორმალურია, რომ მას ჯგუფის სასურველ შემადგენლობაზე სხვა აზრი ჰქონდა. მაგრამ ამ საკითხს ის არ წყვეტდა. თუ საჭიროდ ჩათვალა, კეთილი ენება, თვითონ შეხვედროდა იმ „ფართო საზოგადოებას“ და მათი მოსაზრებები თვითონ მიეტანა ჯგუფამდე. რაღაც სხვაში იყო საქმე და ამას არ ამბობს.

ახლა უფრო ფართოდ შევხედოთ საკითხს: ვთქვათ და ქადაგიძის დეკანობიდან განთავისუფლება მართლაც ყოფილიყო გიგა ზედანიას ფარული მოტივი და რეორგანიზაციისკენ ამან უბიძგა. რა მერე? მთავარია, ქადაგიძის ზოგადი პრეტენზიები, რამაც კონფლიქტები გამოიწვია, თუ იყო სამართლიანი.

ამ მხრივაც მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერაფერი მოვისმინე იმ 45 წუთში. არა მაქვს ილუზიები, რომ ილიაუნიში ყველაფერი კარგადაა. ცხადია, ნაკლოვანებები არსებობს, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად არსებითი. მაგრამ მთავარი ამის აღიარება კი არაა (ვინ არ აღიარებს?), არამედ, რა კონკრეტული იდეები ჰქონდა დეკან ქადაგიძეს, რაც სიტუაციას არსებითად გამოასწორებდა და ადმინისტრაციამ არ გაიზიარა. აი, ეს კარგად ვერ გავიგე (ზოგადი სენტენციები რომ „სიახლეა საჭირო“ და „დამსაქმებლების მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ" არ ითვლება). აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მაგისტრატურაში (ისევე როგორც დოქტორანტურაში) საბუთების მიღება ონლაინ უნდა ხდებოდეს - ძალიან კარგი იქნება, თუ ადმინისტრაცია ამ ნაკლს მალე აღმოფხვრის. უსადენო ინტერნეტი გვაქვს, მაგრამ თუ ქადაგიძის მოთხოვნები დააჩქარებს ახალი როუტერების შეძენას და მისი ხარისხის გაუმჯობესებას, მადლობა მას. მაგრამ დიდი გულუბრყვილობაა იმის ვარაუდი, რომ სწავლების ხარისხი ამით თვისობრივად გაუმჯობესდება და დამსაქმებლები გაბედნიერდებიან. სხვათა შორის, რა რა, და უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა (სხვათა შორის, ტუალეტების ჩათვლით) ბოლო წლებში საკმაოდ მაღალი ტემპით უმჯობესდება. ცხადია, მეტი და უკეთესი გვინდა.

მინიშნებები, რომ უნივერსიტეტების ე.წ. „სასტუმროების“ შენახვა ფულის ფლანგვაა და ჯობია ამ ფულით მეტი კომპიუტერი ვიყიდოთ (ასე გამოვიდა) სრული სისულელეა, ეს კი ზუსტად ვიცი. ეს არის საუნივერსიტეტო ცენტრები, რომელსაც ხშირად ვიყენებთ კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლებისთვის. დიდი იღბალია, რომ გვაქვს და კარგია, თუ საკმაოდ კარგად ვიყენებთ.

მოკლედ, როგორც კი კონკრეტიკას შეეხებოდა საქმე, ქადაგიძის არგუმენტები მაშინვე სუსტი ხდებოდა (საბუთების ონლაინ ატვირთვის საკითხი ერთადერთი გამონაკლისია).

ახლა, როგორ ვხსნი პრობლემის ძირს. მსოფლიოს უნივერსიტეტებში ხშირია კონფლიქტები, და ამ კონფლიქტების ტიპიური მიზეზია პიროვნული ამბიციების ბრძოლა. პროფესორებს როგორც წესი უფრო მაღალი ინტელექტუალური ამბიციები აქვთ, ვიდრე საშუალოსტატისტიკურ ადამიანებს. გიორგი ქადაგიძის წარსული კარიერიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ მას საკმაოდ მაღალი ამბიცია ჰქონდა: მან უკეთ იცის, როგორ გააუმჯობესოს სიტუაცია უნივერსიტეტში. ის არ არის შეჩვეული, რომ ვიღაცა იერარქიაში მასზე მაღლა დგას და უნდა მოელაპარაკოს და არა უბრალოდ მოსთხოვოს. მისი ამბიციები სხვებისას შეწაეჯახა (მაინცდამაინც გიგა ზედანიას არ ვგულისხმობ) და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეჭვი არ შემაქვს, რომ ყველას ილიაუნის და კერძოდ ბიზნების მიმართულების სიკეთე უნდოდა და უნდა - უბრალოდ ადამიანებს ეს „სიკეთე“ სხვადასხვანაირად ესმით. მაგრამ რაკი ამ ხედვების დეტალები არ ვიცით (რაც შემეძლო, ვეცადე გარკვეულვიყავი), მერე პირადი ერთგულების და სიმპათიის საკითხია, ვინ ვის „მხარეზე“ დადგება.

ბოლოს, ჩემი მოკლე პასუხი ბოლო დღეებში პოპულარულ კითხვაზე: "რა ხდება ილიას უნივერსიტეტში?" დიდი არაფერი ხდება, ჩვეულებრივი ამბავია. გააგრძელეთ ცხოვრება და დაელოდეთ შემდეგ სკანდალს

პოლიტიკის მეცნიერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია Facebook-ზე ილიაუნის ბიზნესის სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

კომენტარები