ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის პროფესორები: დავიცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 165 პროფესორი განცხადებას ავრცელებს. ისინი ამბობენ, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით, უნივერსიტეტს დაიცავენ. 

"რამდენიმე დღეა, ვაკვირდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მედიით გავრცელებულ დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას. მიუხედავად უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებისა, გაცემული საჯარო ინფორმაციისა, გასაჯაროებული დოკუმენტებისა, სამ ტელევიზიაში, იმედში, პოსტ ტივისა და რუსთავი 2-ში თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნა. ამ კამპანიის გამოხატულებას წარმოადგენდა დღეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში გასული სიუჟეტი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე თავდასხმისთვის გამოყენებულ იქნა 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია, რომელიც უკავშირდებოდა ავტოავარიას, უბედურ შემთხვევას, რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან. ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ვაცხადებთ, რომ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით, დავიცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც უნდა აგრძელებდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების სრული დაცვით, რათა ხელი შეუწყოს ევროპული ღირებულებების დანერგვას სტუდენტებში, მომავალ თაობებში, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის". - წერია პროფესორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე მის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, დობორჯგინიძეს ნასამართლეობაში, უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.

დობორჯგინიძე ამბობს, რომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, არანაირი ფინანსური საფუძველი არ არსებობს და მიზანი მისი ფსიქოლოგიური განადგურება და უნივერსიტეტის დაზიანებაა.

ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ადმინისტრაციისგან ითხოვენ, რომ ფინანსური დოკუმენტაცია გაასაჯაროვონ და ინფორმაცია მიაწოდონ, თუ რაზე იხარჯება უნივერსიტეტის ბიუჯეტი. მათი განცხადებით, აინტერესებთ, 4 წლის განმავლობაში სად დაიხარჯა სტუდენტებისთვის გამოყოფილი 318 მილიონი ლარი.

ისინი ასევე ამბობენ, რომ დობორჯგინიძემ დაადასტუროს ან უარყოს ის ფაქტი, რომ ის ნასამართლევია. მათი თქმით, თუ ეს ფაქტი მართალია, მაშინ მას არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვს, რომ უნივერსიტეტს უხელმძღვანელოს. 

მათი თქმით, ეჭვი აქვთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული მაღალი თანამდებობის პირებს დასაქმებულები ჰყავთ საკუთარი ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები. 

კომენტარები