ე.წ ციანიდის საქმე

დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს აზიარებს

• წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგის მამალაძის ზიარების სურვილი გამოთქვა. ის დეკანოზ მამალაძის სულიერი მოძღვარია. 

ამის შესახებ დეკანოზმა გიგატაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა. ის ამბობს, რომ უკვე აქვს ამის შესახებ კურთხევა. 

"როგორც მის მოძღვარს, აქამდეც მქონდა ამის სურვილი" - ამბობს დეკანოზი გიგატაძე. 

გუშინ პატრიარქის მიერ გავრცელებული განცხადების იმ ნაწილზე, სადაც წერია, რომ "ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა", დეკანოზი ნიკოლოზი ამბობს, რომ ნებისმიერი მოძღვარი სულიერი შვილის ზიარების შემთხვევაში საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და აღსარების შემდეგ თავად წყვეტს, აზიაროს თუ არა ადამიანი. ასე რომ, მისი შეფასებით, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

გუშინ, 6 თებერვალს საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების მოთხოვნით კარვების დადგმას გამოეხმაურა. განცხადებაში წერია, რომ ეს "ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახეა". ილია მეორის გადაწყვეტილებით, ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია გიორგი მამალაძის ზიარება, თუმცა, ეს სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა იქნება.

"ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

კომენტარები