დონალდ ტრამპი

ტრამპი: ჩვენ თავისუფლები ვიბადებით და ასე დავრჩებით, აშშ არასოდეს გახდება სოციალისტური

დონალდ ტრამპი
Time

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლისას ვენესუელაში მიმდინარე სიტუაციაზე და სოციალიზმზე ისაუბრა:

"ორი კვირის წინ აშშ-მა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდო ოფიციალურად ცნო.

ჩვენ ვენესუელელ ხალხს გვერდში ვუდგავართ თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ჩვენ ვგმობთ მადუროს რეჟიმის სისასტიკეს, რომლის სოციალისტურმა პოლიტიკამ სახელმწიფო ყველაზე მდიდარი სამხრეთ ამერიკული ქვეყნიდან სიღატაკესა და სასოწარკვეთაში ჩააგდო.

აქ, აშშ-ში ჩვენ გვაშფოთებს ახალი მოწოდებები ჩვენს ქვეყანაში სოციალიზმის დამკვიდრების თაობაზე. ამერიკა თავისუფლების და დამოუკიდებლობის პრინციპებზეა დაფუძნებული - არა მთავრობის მხრიდან ძალადობაზე, მბრძანებლობასა და კონტროლზე. ჩვენ ვიბადებით თავისუფლები და დავრჩებით თავისუფლები. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ამერიკა არასოდეს გახდება სოციალისტური ქვეყანა." თქვა მან.

გარდა ამისა ტრამპის გამოსვლის მთავარ თემებს სასაზღვრო უსაფრთხოება და კედლის მშენებლობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა წარმოადგენდა.

მან კიმ ჩენ ინთან მეორე შეხვედრის დრო და ადგილიც გამოაცხადა. მეორე სამიტი ვიეტნამში 27-28 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო და ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მას შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო პოლიციამ 850-ზე მეტი დააკავა.

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები