ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციას არ ჰქონია იმის მოლოდინი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქმიამობის შეჯამებისას საკუთარ გუნდს "მიწაში ჩადებდა", თუმცა ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძეს პრობლემურად არც ერთი საკითხი არ შეუფასებია, საპარლამენტო უმცირესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
"თქვენ კონსტიტუცია ახსენეთ და აქ ტრიუმფალური გამოსვლები იყო, როგორი ძალიან მაგარი რამე გიქნიათ. თქვენ მართლა არ მიგაჩნიათ პრობლემად ის, რომ კონსტიტუციის შესახებ ვერ შედგა ვერანაირი კონსენსუსი მმართველ გუნდსა და მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს, მთელ საზოგადოებას, სამოქალაქო სპექტრს შორის? მიუხედავად იმისა, შინაარსში ვინ რა პოზიციაზე ვართ, ეს რომ პრობლემაა, ამას არ აღიარებთ? მე მესმის, არჩევნები იმისთვის ტარდება, რომ ვინც მოიგებს, არის უმრავლესობა და იღებს გადაწყვეტილებებს, ოპოზიციას კი ეს არ მოსწონს, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ კონსტიტუცია ისეთი დოკუმენტია, რომელიც რაღაც საერთო თანხმობის საგანი უნდა იყოს. პრობლემადაც კი არ გიხსენებიათ, რომ კონსტიტუცია ისე მიიღეთ, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, პროპორციული არჩევნები, რომ ჩემი აზრით, აბსოლუტურად გარიყული ხართ დანარჩენი პოლიტიკურ სპექტრისგან და საზოგადოებისგან. თქვენი აზრი რომ ასეთი არ არის, ვიცით, მაგრამ ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ?“- მიმართა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის წევრები არღვევდნენ პარლამენტის ძველ რეგლამენტს და ეს ახალ რეგლამენტთან დაკავშირებითაც გრძელდება.
"მეორე "წარმატებაა" რეგლამენტი. ერთი სიტყვა არ გითქვამთ იმაზე, რომ ორი წლის განმავლობაში, იქამდე არსებულ რეგლამენტს, თქვენი მთავრობის, ივანიშვილის გუნდის წევრები უტიფრად არღვევდნენ, პარლამენტს დემონსტრაციულად უკეთებდნენ იგნორირებას. მერე მიიღეთ ახალი რეგლამენტი, რომელშიც რასაც არღვევდნენ, ის დაუთმეთ, ძალიან ცუდი პრეცედენტი დაუშვით და ახალი რეგლამენტიც ეგრევე დაარღვია შინაგან საქმეთა მინისტრმა. დავიბარეთ და არ მოვიდა კომიტეტზე“, - აღნიშნა ბოკერიამ.
ევროპული საქართველოს დეპუტატის შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საკითხზე ოპოზიციის უმრავლესობით კომისიით შექმნა სწორი პრეცედენტი იყო, მაგრამ პრობლემა ისაა, თუ მერე რას აკეთებს პარლამენტი ამ საქმეზე.
"მიჰყვება თუ არა ამ საქმეს? ხორავის ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისიის დასკვნის სრული იგნორირება მოხდა, რას აკეთებთ ამის შემდეგ თქვენ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა? ისევე როგორც ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეზე? ეს აბუჩად აგდების დამოკიდებულებაა მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა ბოკერიამ.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარემ მასზე საკონონმდებლო ორგანოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2018 წელი ნაყოფიერი იყო. მან აღნიშნა, რომ პარლამენტმა 705 კანონი მიიღო და ყველა კანონი "იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით".





