მე მგონია, რომ ის რაც მოხდა დეკემბრის ბოლო კვირას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც უნდა დაინახოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ახლა რა უნდა გააკეთოს. სამართლიანობის იდეასა და ადამიანის უფლებაზე ლაპარაკობს დღეს ყველა. ეს ყალბი სოლიდარობაც, რომლის იქეთ იკითხება, ძალიან სამწუხაროდ, ის არაგულწრფელი დამოკიდებულება, კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ 7 წლის თავზე ჯერ კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა - ვართ თუ არა იმ ღირებულებების და ფასეულობების ერთგული, რომელსაც ვიცავდით მთელი ამ წლების განმავლობაში.
მე მგონია, რომ ეს გამოცდა დგას დღეს ქართული ოცნების წინაშე, ყველა ჩვენგანის წინაშე და სწორედ ამ სამართლიანობის იდეიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენმა კოლეგამ გააცნობიეროს, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ჩვენ და როგორ მართლმსაჯულებას დავუტოვებთ ამ ქვეყანას, მომავალ თაობას. დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და სამართლიანობას ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა, თანამებრძოლმა და პირადად მეც ძალიან ბევრი წელი მივუძღვენით. ამას შეეწირა ძალიან ბევრი ჩვენი თანამოაზრის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ოჯახის წევრების თავისუფლება. ამ ბრძოლის ხაზზე გავიარეთ ჩვენ ეს ყველაფერი და არავის არ უკვირს დღეს არც ის მეთოდები, რომელზედაც დღეს ის ადამიანები ამ ყალბი სოლიდარობით საუბრობენ, რომლის ხელწერა იყო ნამდვილად ის. მაგრამ გამოწვევაა ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ არ დასრულებულა ის დრო, როდესც შეიძლება ადამიანებს ელაპარაკო ამ ფორმით.