ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ რაიმე გარემოებებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ხელი შეუშალოს, ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პარლამენტის დეპუტატმა ყველა პოლიტიკურ ძალას მობილიზებისკენ მოუწოდა.
"დრამატული მოვლენების ფონზე მეც ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ და არ გამოვრიცხავდი იმის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, რაიმე ტიპის გარემოებებმა, ნებსით ნუ უნებლიეთ შექმნილმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ხელი შეუშალოს. ამიტომ საჭიროა სრული მობილიზება და მე ყურადღებას მივაპყრობდი, ყველას მოვუწოდებდი, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მაქსიმალურად მობილიზება გავაკეთოთ იმისთვის, რომ მმართველ პარტიასრაიმე საბაბი არ დავუტოვოთ იმისთვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირები არ მიიყვანოს ბოლომდე",- თქვა ეკა ბესელიამ ბრიფინგზე.
დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერის პოსტზე მას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, შსს-ს მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა განიხილება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს.