ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს კანონპროექტით, ზოგადი უნარების გამოცდა ისევ სავალდებულო უნდა გახდეს

მეორე არხი

საპარლამენტო უმცირესობა ევროპული საქართველო კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ზოგადი უნარების გამოცდა კვლავ სავალდებულო უნდა გახდეს. 

ამის შესახებ ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ისაუბრა. 

"ვაპირებ მოვახდინო ინიცირება საკანონმდებლო პროექტის, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი სავალდებულო გახდეს კანონის დონეზე. იმიტომ, რომ დღეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონი ამის დისკრეციას აძლევს პრაქტიკულად სამინისტროს და ცენტრს. როგორც აღმოჩნდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიდის სამინისტროში თავისი უცნაური იდეებით, სკოლებში ვაშლების შეტანით დაწყებული და ახლა გამოცდების უაპელაციოდ გაუქმებით დამთავრებული, თურმე ისე დაჭრის და დაკერავს, როგორც მას მოეპრიანება,"- ამბობს დეპუტატი. 

კაპანაძე განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეფორმას "კვაზი-რეფორმას" უწოდებს. მისი თქმით, ქართული ოცნებისგან გუნდისგან სხვადასხვა მიმართულებით მავნებლური გადაწყვეტილებების მიღება გასაკვირი არ არის, თუმცა განათლების საკითხი პრიორიტეტია. კაპანაძის თქმით, არსებულ საგამოცდო სისტემას ჰქონდა თავისი ხარვეზები, თუმცა ეს გამოსაშვები გამოცდებისა და ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდის გაუქმებას არ ნიშნავდა. 

"ეს ნაბიჯები ემსახურება ფუნდამენტზე დარტყმას და ამ თემის უკან წაწევას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ნაბიჯები იყო სრულიად გაუაზრებელი. არავისთან კონსულტაცია არ ჩატარებულა. პარლამენტს არცკი ჰკითხეს - განათლების კომიტეტის წევრები საქმის კურსშიც კი არ იყვნენ, ისე დააანონსეს ეს. უნივერსიტეტებს მას შემდეგ ჰკითხეს, რაც უკვე დაანონსებული ჰქონდათ და თქვეს, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული. წერილი გაუგზავნეს უნივერსიტეტებს განათლების სამინისტროდან. უკვე დეკლარირებულ და დაანონსებულ რეფორმაზე. პოსტ-ფაქტუმ, აი, მიდევნებული ლამპარივით. პრაქტიკულად აჩვენეს, რომ მთლიანად გაუკეთეს უგულებელყოფა პარლამენტს და, ზოგადად, იმ პროცესს, რასაც ჰქვია კონსულტაციური პროცესი, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის განათლების საკითხი," - თქვა სერგი კაპანაძემ. 

მისი თქმით, მას ესმის, რომ შესაძლოა, ბევრი ვერაფერი გამოასწოროს და გარკვეულწილად, ზიანის მინიმიზების რეჟიმში უწევს ყოფნა. 

კომენტარები