ფარული კადრები

ბესელია: ივანიშვილს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ამის შესახებ პირადად ვეუბნები

ტაბულა

ეკა ბესელიას თქმით, ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების შესახებ ესაუბრა. 

ბესელია ამბობს, რომ ივანიშვილს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ეს მას პირადად უთხრა. 

"ადამიანს არასოდეს ვუკარგავ სიკეთეს, ვინც არ უნდა იყოს ეს და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ობიექტურად ბევრი სიკეთე აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული. 

ყველას მაგივრად პასუხის მოთხოვნა არასწორია, მაგრამ რაც მისი წილი პასუხისმგებლობაა მე მას ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, პირადად ვეუბნები და არ მიჭირს მასთან ამაზე საუბარი. მისი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში როგორც პარტიის ლიდერის და თავმჯდომარის, რომ ეს შიდა საკითხები, რომლებიც ისე გაღრმავდა, რომ გარეთ გამოვიდა, როგორღაც ისე დალაგდეს, რომ სამართლიანი იყოს გადაწყვეტილებები", - თქვა ეკა ბესელიამ. 

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა. მან თქვა, რომ ვიდეო მის რძალს გამოუგზავნეს. ჭიჭინაძემ ეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი  მოსამართლეების სიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა.

კადრების შესაძლო გავრცელებას გამოეხმაურა თავად დეპუტატი ეკა ბესელიაც, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ქართულ ოცნებას მიმართავს წერია: "კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს "გუნდში". შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი..."

ეკა ბესელიასთვის ფარული კადრების გავრცელების საქმეზე შსს-მ 1-ლ თებერვალს 16 ადამიანი დააკავა, მათგან 2- ენმ-ის აქტივისტი. პარტიის წევრების თქმით, კადრები მათმა მხარდამჭერებმა ჩათში ვირისულად მიიღეს, რამდენიმე საათში კი პოლიციაში დაიბარეს.  

კომენტარები