ფარული ჩანაწერები

კობახიძე პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებზე: 5 ჩანს, მაგრამ აიფონ 5 არ ვიცი

"ეს არის მარტივი სპეკულაცია, იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია. 5 ჩანს, მაგრამ აიფონ 5 არ ვიცი," - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას პასუხობს, იმის შესახებ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში აიფონ 5 ჩანს და რადგან ეს მოდელი 2012 წლის ბოლოს გამოვიდა შეუძლებელია ეს კადრები წინა ხელისუფლების დროს იყოს გადაღებული. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში აიფონ 5 ჩანს, რუსთავი ორის ეთერში "კვირის აქცენტებში" გადაცემის ერთერთმა წამყვანმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა. 

რაც შეეხება ჩანაწერების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, კობახიძე ასევე ამბობს, რომ გავრცელების კუთხით გამოძიებაში პროგრესი არის და ახლა მთავარი საკითხი წყაროს დადგენაა. 

"რაც შეეხება გავრცელებას, ამ კუთხით არის პროგრესი, გამავრცელებლების კუთხით, თუმცა რაც შეეხება წყაროს, ეს არის ზუსტად მთავარი დასადგენი და ამ კუთხით ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცველებთან. პირველ რიგში სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე. მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან. რაც შეეხება პირველ დღეებს, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მუშაობა, რომ დადგენილიყო თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება და ამასთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები. რაც შეეხება ჩემს ჩართულობას ამ საქმეში, ყოველდღიური კავშირი მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის მინისტრებთან და აქედან გამომდინარე ჩემი ჩართულობა არის უზრუნველყოფილი ყოველდღიურ რეჟიმში, იმისათვის რომ საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული," - ამბობს კობახიძე.

რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა ინფრომაცია, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტით ვრცელდება. გამოძიებამ ამ დროისათვის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავა. 

კომენტარები