ვენესუელა

ვენესუელაში მადუროს მოწინააღმდეგეების და მხარდამჭერების აქციები გაიმართა

ხუან გუაიდო
Reuters

ვენესუელის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანმა ნიკოლას მადუროს რეჟიმი გააპროტესტა. აქციის მონაწილეებს ქვეყნის ოპოზიციის ლიდერმა და გარდამავალმა პრეზიდენტა ხუან გუაიდომ მიმართა. მისი თქმით აქციები გაგრძელდება, სანამ თავისუფლებას არ მოიპოვებენ.

"ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს, სანამ თავისუფლებას არ მოვიპოვებთ და უზურპაციას არ დავასრულებთ."

მან ასევე გამოაცხადა, რომ ვენესუელა კოლუმბიისა და ბრაზილიისაგან ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს და სამხედრო ძალებს მოუწოდა ხელი არ შეუშალოს ამ დახმარების ქვეყანაში შესვლას. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

აქციის პარალელურად შეიკრიბნენ მადუროს მხარდამჭერებიც. ისინი მისი წინამორბედის, უგო ჩავესის ხელისუფლებაში მოსვლიდან მეოცე წლისთავს აღნიშნავდნენ. მათ შორის ჩანდნენ სამხედრო პირებიც. მადურომ საერთაშორისო მედია მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი მთავრობის მხარდამჭერებს არ აშუქებენ.

ნიკოლას მადურო
ფოტო: AFP

შეგახსენებთ, რომ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო და ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მას შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო პოლიციამ 850-ზე მეტი დააკავა, მათ შორის 77 არასრულწლოვანი.

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გუაიდოს პრეზიდენტად ცნობენ, თუ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება. ეს ვადა მადუროს ხვალ ეწურება.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საბანკო ანგარიშები გაუყინა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა, ხოლო ქვეყნის მთავარმა პროკურორმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით გამოძიების მიზანია დაადგინოს რა როლი აქვს გუაიდოს "სერიოზულ დანაშაულებში, რომლებიც ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს უქმნიან საფრთხეს."

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანიას PDVSA-ს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით თუ ვენესუელაში ამერიკელ დიპლომატებს ან ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, აშშ "შესაბამის პასუხს გასცემს".

ნიკოლას მადურომ რუსულ სახელმწიფო მედია RIA Novosti-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისათვის მზადაა. გუაიდო მადუროს დიქტატორს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი არჩევნების დასანიშნად.

კომენტარები