ფარული კადრები

ბესელიას ფარული კადრების გავრცელებისთვის დაკავებულთა შორის ენმ-ის 2 აქტივისტია

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ბრალდებით ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციიდან 2 ადამიანი დააკავეს. 

დაკავებულები არიან დები - ირმა და ინგა ხოროიშვილები.

ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე ტაბულასთან ამბობს, რომ პარტიის წევრებს გუშინ საღამოს ფეისბუქის მესენჯერში ფარული ვიდეო ვირუსულად გამოუგზავნეს, რამდენიმე საათში კი პოლიციამ მათი დაბარება დაიწყო. 

ქამადაძის თქმით, ირმა და ინგა ხოროიშვილებს ბათუმში დილის 6 საათამდე კითხავდნენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, თბილისში გადმოიყვანეს. 

დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკა ბესელიას ფარული კადრების გავრცელებაზე სულ 16 ადამიანია დაკავებული. სავარაუდოდ, ენმ-ის ორი წევრიც მათ შორისაა. 

დღესვე ბრიფინგი ჩაატარა პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ და თქვა, რომ სუს-მა ვირუსულად მათ "მხარდამჭერებს და ბევრ ადამიანს გაუგზავნა კადრები იმიტომ, რომ ვინმე დაესაჯათ". 

დეპუტატის თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის ხელწერაა. 

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა. მან პირადად მან მოახდინა ასეთი დანაშაულის სანქცირება იმიტომ, რომ არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე. სუს-მა ვირუსულად ათობით ჩვენს მხარდამჭერს და ძალიან ბევრ ადამიანს მთელი საქართველოს მასშტაბით გაუგზავნა ეს კადრები სწორედ იმიტომ, რომ ისინი ხვდებოდნენ, ვინმე უნდა დაესაჯათ. ცხადია, ისინი ვერ დასჯიან ადამიანს, ვინც ეს დაუკვეთა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის თავად ამ ქვეყნის მართველი ბიძინა ივანიშვილი. 

ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რაც ჩაიდინა თავად ივანიშვილმა და რაც შემდგომ დაავალა სუს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნებს, რომ დიახ, ათეულობით ჩვენი მხარდამჭერისთვის გადაეგზავნათ ეს კადრები. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს თავად იმ პიროვნებას, ვინც ეს თავიდან გაავრცელა", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა. მან თქვა, რომ ვიდეო მის რძალს გამოუგზავნეს. ჭიჭინაძემ ეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი  მოსამართლეების სიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა.

კადრების შესაძლო გავრცელებას გამოეხმაურა თავად დეპუტატი ეკა ბესელიაც, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ქართულ ოცნებას მიმართავს წერია: "კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს "გუნდში"... შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი..."

კომენტარები