ლევან მურუსიძე

რას ამბობდა ლევან მურუსიძე მიქიაშვილის საქმეზე 2016 წელს და რას ამბობს ახლა

სააპელაციო სასამართლოს უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლის, ლევან მურუსიძის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. მათ შორისაა სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, გიორგი მიქიაშვილისა და ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმეები. სტრასბურგის სასამართლომ ყველა ამ საქმეში დამნაშავედ საქართველოს სახელმწიფო სცნო. 

ფეხბურთელ გიორგი მიქიაშვილის საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძეს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მან დროულად არ დანიშნა სასამართლო ექსპერტიზა. 

სტუდია მონიტორის მიერ მომზადებული გამოძიების მიხედვით, "გიორგი მიქიაშვილი 2005 წლის 29 ოქტომბერს, როცა ფეხბურთელი მეგობრებთან ერთად რესტორნიდან გამოვიდა, პატრულის ეკიპაჟმა, რომელმაც ახალგაზრდებს ჩაუარა, მიიჩნია, რომ ტელეფონი, რომელიც ერთ-ერთ ახალგაზრდას ხელში ეჭირა, მოპარული იყო.

პატრულსა და ახალგაზრდებს შორის საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, მიქიაშვილი ადგილზე დააკავეს.

პატიმრობის შეფარდების დროს გადაღებულ კადრებში ბრალდებულის სხეულზე დაზიანებები ჩანდა, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე ადვოკატ ზაზა ხატიაშვილს გამომძიებელმა უარი უთხრა. გამომძიებლის უარი ადვოკატმა სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივრის განხილვა ლევან მურუსიძეს დაევალა.

ადვოკატის თქმით, მურუსიძე ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა დაცვის მხარის მოთხოვნა, მაგრამ ეს საქმე 50 დღის დაგვიანებით განიხილა. მოსამართლეთა კანონში წერია, რომ საქმე 24 საათში უნდა განხილულიყო. თუმცა მურუსიძემ ექსპერტიზა 50 დღის დაგვიანებით დანიშნა".  

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ფაქტის გამო, სახელმწიფოს 12 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

2016 წელს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ გასაუბრებაზე, ლევან მურუსიძემ თქვა, რომ ექსპერტიზის 50 დღის დაგვიანებით დანიშვნა მისი თანაშემწის ბრალი იყო. 

ლევან მურუსიძე 2016 წელს: 

"განცხადება რომ შემოვიდოდა ექსპერტიზის დანიშვნაზე, რომელიც მერე თანაშემწეს უნდა გამოეთხოვა საქმის მასალები, შეიძლება არ გამხსენებოდა და თანაშემწეს ხო უნდა გამოეთხოვა. როცა მოვიდა და მითხრა, რომ საქმის მასალები არის შემოტანილი, განვიხილე და დავუნიშნე ექსპერტიზა. 

შეიძლება მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა, მაგრამ გითხარით, რომ ახალი დაწყებული მქონდა, თან მთელი სისხლის სამართლის საქმეები გვაწვა კისერზე, პირობები არ გვქონდა და მოხდა ესეთი რაღაც". 

2019 წლის 22 იანვარს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში პირისპირ, გიორგი მშვენიერაძესთან დებატებისას ლევან მურუსიძემ თავის გასამართლებლად განსხვავებული ვერსია მოჰყვა

ლევან მურუსიძე, 2019 წლის 22 იანვარი: 

"რამდენიმე წერილი მივწერე გამოძიებას, ეს რომ არ აღმოჩნდა საკმარისი და არ გამოაგზავნეს, ჩემს თანაშემწეს ტელეფონით ვარეკინე რამდენიმე დღე. როგორც კი შემოვიდა ეს საქმე, განვიხილე 24 საათში და დავაკმაყოფილე. როდესაც გავიგე ამ წერილის არსებობა, რომ იყო შემოსული შუამდგომლობის, იმ წამსვე დავავალე თანაშემწეს, რომ რამდენიმე წერილი დაეგზავნა. ერთხელ გააგზავნა, არ მოვიდა, მეორედ გაგზავნა, არ მოვიდა, ტელეფონით ვარეკინებდი. ეტყობა გამოძიებას ჰქონდა დაინტერესება, რომ ეს საქმე რაღაცნაირად მიეჩქმალა. თან მაშინ ვიყავი ერთი თვის დანიშნული მოსამართლე, ვიყავი გამოუცდელი, უამრავი საქმე გვეწერა, ერთ ოთახში 3 მოსამართლე ვისხედით. რატომ აკისრებთ ლევან მურუსიძეს პასუხისმგებლობას და რატომ არ საუბრობთ გამოძიებასა და პროკურატურაზე". 

კომენტარები