უზენაესი სასამართლო

მოსამართლე გვრიტიშვილი: მურუსიძემ გარშემო შემოიკრიბა მოსამართლეები, გახდა ლიდერი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, არასამთვრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემას წინა ხელისუფლების პირობებში არ აკრიტიკებდნენ, ვითარება კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2015 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახდა . გვრიტიშვილი ამბობს, რომ "არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც და სხვა გარკვეული ძალებიც იმედებს ამყარებდნენ", თუმცა, გვენეტაძემ ეს იმედები ვერ გაამართლა, სასამართლო სისტემის ლიდერი კი ლევან მურუსიძე გახდა.

"ნინო გვენეტაძემ მხარდაჭერა და ავტორიტეტი სასამართლო კორპუსში ვერ მოიპოვა. ამის პარალელურად გამოიკვეთა, რომ ლევან მურუსიძე გახდა ლიდერი არა მარტო საკუთარი პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე (მას ყველა მოსამართლესთან მისულიყო და არა შანტაჟით და დაშინებით, არამედ გულწრფელად, ერთ პოზიციაზე დაეყენებინა ადამიანები)  და როგორც საბჭოს მდივანმა, თავის გარშემო შემოიკრიბა მოსამართლეები. არასამთავრობოებმა დაინახეს საფრთხე, რომ რეალურად სასამართლო ხელისუფლება შედგა ქვეყანაში", - თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში. 

ლევან მურისიძის, ისევე როგორ დიმიტრი გვრიტიშვილის და რამდენიმე სხვა მოსამართლის სასამართლო სისტემაში მუშაობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი კლანის წევრები არიან და სასამართლოც სწორედ ამ კლანის მეშვეობით იმართება, რაც მიუღებელია

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს.

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს.

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია.

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა.

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები