საერთო სასამართლოები

მოსამართლეები: ზოგი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ცდილობს ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

"სასამართლო ხელისუფლების მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდება არაჯანსაღი პროცესები," - მოსამართლეთა დღევანდელ რიგგარეშე კონფერენციაზე ერთობლივი მიმართვა მიიღეს. მიმართვაში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა დაიწყო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის ხელოვნური დისკრედიტაცია, წარდგენილი კანდიდატების მიმართ სიძულვილის ენით საუბარი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დაუსაბუთებელი და უარგუმენტო შეფასებების გავრცელება იმ განხილულ საქმეებზე, რაზეც მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილებები. გახშირდა მოსამართლეთა მიმართ აგრესიული და უპატივცემულო დამოკიდებულების ფაქტები. 

"სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების გარკვეული ნაწილი, რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ცდილობს ხელყოს სასამართლოს ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და დასაჯოს სასამართლო იმისთვის, რომ იხელმძღვანელა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი მოსამართლეთა კარიერული დაწინაურების პრინციპით. სასამართლოს განვითარება, საზოგადოების მაღალი ნდობის მოპოვება და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა შეუქცევადი პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია შეწყდეს  სასამართლოს, განსაკუთრებით ჩვენს მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიმართ ცილისმწამებლური კამპანია.მოსამართლეთა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მოთხოვნას არა თუ არ გააჩნია ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, არამედ ეწინააღმდეგება თითოეული ჩვენგანის ნებას და საქართველოს კონსტიტუციით და ყველა მოქმედი საერთაშორისო აქტით დეკლარირებულ გარანტიებს." - წერია მიმართვაში. 

მოსამართლეები თავიანთ მიმართვაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს  და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ:

"ობიექტურად გაანალიზონ და შეაფასონ მიმდინარე პროცესები, განახორციელონ ყველა აუცილებელი მოქმედება, რათა შეწყდეს ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მიეცეს მას შესაძლებლობა მშვიდ გარემოში განაგრძოს საქმიანობა, ხოლო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართოს მხოლოდ სამართლებრივი დისკუსიის ფარგლებში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით." - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია დეკემბერში გადაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანის სია საშემოდგომო სესიაზე უნდა განეხილა თუმცა საგაზაფხულო სესიისთის გადავადდა. სიას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა რომ ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. მოსამართლეების სია დაპირისპირების საგანი გახდა ქართულ ოცნებაში. რამდენიმე დღის წინ წარდგენილმა მოსამართლეებმა განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს მიმართეს არ გააგრძელონ მათი კანდიდატურების განხილვა. 

კომენტარები