საერთო სასამართლოები

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით განიხილეს.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით განიხილეს. 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა შავგულიძის განცხადებით, კანონპროექტში ცვლილება განიცადა იმ ნაწილმა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევას ეხება და ამ ცვლილებით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გათვალისწინებულია. 

"ცვლილება განიცადა კანონპროექტმა იმ ნაწილში, რომელიც ეხება არამოსამართლე წევრების არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. იყო მცდელობა, რომ მიღწეული ყოფილიყო შეთანხმება უმცირესობასთან და საერთო ვარიანტი ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა ეს ვერ იქნა მიღწეული. მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ მაქსიმალურად მიგვეახლოებინა კანონპროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან, რადგან უზრუნველყოფილი იქნეს უმცირესობის ჩართულობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა არჩევაში, რომელსაც პარლამენტი ირჩევს. ახალი კანონპროექტით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გათვალისწინებულია. პარლამენტის მიერ 6 წევრი აირჩევა 2/3-ით. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერ მოხდება 2/3-ით არჩევა, მეორე და მესამე ტურში დასაშვებია ოთხი წევრის არჩევა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ ორი წევრი მაინც უნდა იყოს არჩეული უმცირესობის მონაწილეობითა და თანხმობით. უკეთესი ვარიანტი, თუ როგორი უნდა იყოს უმცირესობის მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ და არც მათგან გვსმენია", - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

ხოლო საპარლამენტო უმცირესობის წევრი, პაატა ლეჟავა აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ამ კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის, რადგან ოპოზიციის მონაწილეობა იგულისხმება იმაში, რომ 2/3-ით უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, ''შემოთავაზებული ვარიანტით კი, თუ პირველ შემთხვევაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული 2/3-ით, მათ შეუძლიათ იმავე ან მომდევნო სხდომაზე დააყენონ იგივე კანდიდატურები და უბრალო უმრავლესობით მიიღონ გადაწყვეტილება''.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს დღეს უყრიან. საქართველოს პარლამენტში, ამ წუთებში უმრავლესობის დახურული სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, პლენარული სხდომა განახლდება.

კომენტარები