ვენესუელა

"რუსეთი უპირობოდ გიჭერთ მხარს" - მადურო ყვება, რაზე ესაუბრა მას პუტინი ტელეფონით

ნიკოლას მადურო და ვლადიმერ პუტინი
Maxim Shemetov / Reuters / Scanpix / LETA

ნიკოლას მადურო ამბობს, რომ მას 24 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დაურეკა და რუსეთის ხელისუფლების სახით უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ამის შესახებ მადურომ გუშინ მოსამართლეთა საბჭოსთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მადუროს თქმით, ის, რაც ახლა ვენესუელაში ხდება აშშ-ის იმპერიალისტური ძალების და კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მოწყობილი მასშტაბური პროვოკაციაა. 

"სულ ცოტა ხნის წინ დამირეკა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ჩვენ 20 წუთის განმავლობაში ვისაუბრეთ. პრეზიდენტი პუტინი, როგორც ადრე, ახლაც ვენესუელას გვერდითაა. მან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს ლეგიტიმურ, მოქმედ ხელისუფლებას. სრული მხარდაჭერა ვენესუელის მშვიდობას, ერთიანობასა და სუვერენიტეტს. მან თქვა: "პრეზიდენტო მადურო, შეგიძლიათ, რუსეთის უპირობო მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ახლა, ისე, როგორც არასდროს, ჩვენ ვენესუელის განვითარებისთვის ვითანამშრომლებთ". ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკეთ. მან მომიყვა, თუ როგორ ხედავს განვითარებულ მოვლენებს. რუსეთმა უკვე გასაგებად და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ეს ვენესუელის განადგურების ძალადობრივი მცდელობაა. მე ვუპასუხე პრეზიდენტ პუტინს, რომ ეს აშშ-ის იმპერიალისტების მიერ მოწყობილი მასშტაბური პროვოკაციაა. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ პირადად დონალდ ტრამპს სურს ხელისუფლების ცვლილება, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ვენესუელის დემოკრატიული საზოგადოებისთვის. არანორმალური დონალდ ტრამპი საკუთარ თავს მსოფლიო "პოლიციელად", ლათინური ამერიკისა და კარიბის კუნძულების უფროსად წარმოაჩენს. ეს არის მასშტაბური პროვოკაცია. იგივე ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რაც გუშინ ვუთხარი ერს. ყურმილში ვუთხარი, ჩვენ მწყობრი ნერვები გვაქვს, სიმშვიდე და საღი აზრი. მთელ ჩვენს ძალისხმევას ჩავდებთ, რომ ცხოვრება გაგრძელდეს. ქვეყანას გზისთვის არ გადაუხვევია, ხელისუფლება მართვის სადავეებთან არის, ხელისუფლება იცავს ერს. ჯარი და ერი იცავს მშვიდობას," - ყვება მადურო. 

დღეს რუსეთმა, ჩინეთმა, თურქეთმა, სირიამ და კუბამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ და აშშ-ის ვენესუელის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ

23 იანვარს აშშ-მა ვენესუელას გარდამავალ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო გუშინ აღიარა. ერთი კვირის წინ გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა ბრაზილიამაც. აშშ-ის მსგავსაც ოპოზიციის ლიდერი აღიარა დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, კოსტა რიკამ, არგენტინამ, პერუმ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, ჩილემ, ესპანეთმა და საქართველომაც.

საპასუხოდ მადურომ ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა, ხოლო თავად საკუთარი დიპლომატები აშშ-დან გამოიწვია და საელჩო და საკონსულოები დახურა. მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობებმა.

ვენესუელას შეიარაღებული ძალები მხარს მადუროს უჭერენ და ოპოზიციას მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებენ, თუმცა საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში ნიკოლას მადურომ ვენესუელას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 67,7% დააგროვა და ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა. მიმდინარე კვირას მის ინაუგურაციას ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვიც დაესწრნენ.

თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 46%-მა მიიღო, ხოლო ოპოზიცია მადუროს არჩევნების გაყალბებაში და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მათმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგან მთავრობამ რამდენიმე წლის წინ თავისუფალი სავალუტო ოპერაციები აკრძალა.

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოსახლეობას კურდღლების ყოლისკენაც კი მოუწოდა, რადგანაც, "კურდღლები კურდღლებივით მრავლდებიან", მათი ხორცის მიღება კი იაფი ჯდება. სახელმწიფომ მოსახლეობას "საჯიშე" კურდღლები უსასყიდლოდ გადასცა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი ნიკოლას მადუროს მიერ პარლამენტისთვის უფლებების ჩამორთმევას და მთავრობის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული "საკონსტიტუციო ასამბლეის" დაფუძნებისთვის გამართულ არჩევნებს მოჰყვა.

სახელმწიფომ პროტესტის ჩასახშობად სამხედროებიც გამოიყენა, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს 164 ადამიანი ემსხვერპლა 15,000 კი დაშავდა.

გაეროს ინფორმაციით 2014 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები