რუსეთი-თურქეთი

პუტინმა და ერდოღანმა სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს

ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
AFP

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. მათ სირიაში მიმდინარე მოვლენები და მათი სამოქმედო გეგმები განიხილეს.

"ჩვენ ვაგრძელებთ რეგულარული შეხვედრების პრაქტიკას, რაც ჩვენი პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აშკარა გაუმჯობესების ნიშანია. ჩვენი თანამშრომლობა რეგიონულ უსაფრთხოებას უწყობს ხელს." უთხრა პუტინმა ერდოღანს შეხვედრის დაწყების წინ.

განხილვის მთავას საგანს იდლიბის პროვინცია წარმოადგენდა, სადაც ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა" თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს პოზიციები დააკარგვინა. ამით საფრთხე ექმნება სექტემბერში რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს რეგიონი ტერორისტებისაგან უნდა გაეწმინდა, ხოლო სანაცვლოდ ამ ტერიტორიაზე ასადის რეჟიმის ძალების სამხედრო ინტერვენცია არ განხორციელდებოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ მომდევნო თვეს იგეგმება ირანის, რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამიტი სირიის თემაზე.

გასულ კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ ქვეყანა იდლიბში ტერორიზმთან ბრძოლაში ირანთან, რუსეთთან და აშშ-სთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ამჟამად არსებული ინფორმაციით რეგიონში ექსტრემისტული დაჯგუფების 15,000-მდე მებრძოლია.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა თქვა, რომ სირიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა აშშ-მა მის სისრულეში მოსაყვანად პირობა წამოაყენა. 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ აშშ-ს ძალების სირიიდან გაყვანის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება თურქეთის მხრიდან თანხმობა, რომ აშშ-ის მოკავშირე ქურთულ ძალებს დაიცავს. ბოლტონის თქმით ამ საკითხზე შეთანხმებამდე აშშ-ის ძალების სირიიდან გასვლა არ დაიწყება.

კომენტარები