ყაზტრანსგაზი

ევაკუაცია ვაშლიჯვარში - ყაზტრანსგაზი აცხადებს, რომ ლენტით გადაბმული რეზინის მილები დახვდათ

რამდენიმე საათის წინ ვაშლიჯვარში, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. კომპანიის თანამშრომლებმა ძლიერი გაზის სუნის გამო გაზმომარაგება გადაკეტეს, მაშველები კი, დაკეტილ ბინაში შევიდნენ. ყაზტრანსგაზი აცხადებს, რომ კომპანიის სპეციალისტებს მისამართზე კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები დახვდათ.

"ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება. კორპუსის ერთ-ერთი მობინადრის ინფორმაციით, სადარბაზოში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. კომპანიის სპეციალისტებმა კორპუსის გაზგაყვანილობა ადგილზე შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ძლიერი კონცენტრაცია იყო. ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა კორპუსს სასწრაფოდ შეუწყვიტეს გაზმომარაგება. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. სამაშველო სამსახურის დახმარებით დაკეტილ ბინაში შესვლისას სპეციალისტებს უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ნორმების დარღვევით, თვითნებურად დამონტაჟებული შიდა ქსელი და კუსტარულად გადაბმული რეზინის მილები დახვდათ, საიდანაც გაზი ჟონავდა. ამ დროისთვის საფრთხე აღარ არსებობს" - აცხადებს ყაზტრანსგაზი.

კომენტარები