აშშ-საქართველო

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო ძალების ხომალდი შემოვიდა

Reuters

აშშ-ის სამხედრო ძალების ხომალდი "დონალდ კუკი" საქართველოს ტერიტორიულ წყლებშია. საზღვაო ხომალდი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. ის ტაქტიკური სამართავი რაკეტებით და საარტილერიო დანადგარებითაა აღჭურვილი და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩევა.

აშშ-ის ფლოტის განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნების მიზანს "რეგიონული საზღვაო სტაბილურობა, მზაობა და საზღვაო ძალების შესაძლებლობების გაზრდა" წარმოადგენს.

"შავ ზღვაში ჩვენი შემოსვლა აჩვენებს საერთო უსაფრთხოების მიზნებისათვის ჩვენი ფლოტის თავსებადობას. ეს სამომავლო კრიზისების დროს ან აგრესიის თავიდან აცილებისათვის ეფექტური რეაგირების საშუალებას მოგვცემს." თქვა "დონალდ კუკის" მეთაურმა, მეთიუ პაუელმა.

ხომალდის შავ ზღვაში შემოსვლას რუსეთიც გამოეხმაურა. სენატორ ალექსეი პუშკოვის თქმით ხომალდმა რუსეთის სანაპიროსაგან დისტანცია უნდა დაიჭიროს. მისივე თქმით რუსეთის ფლოტი ხომალდს აკვირდება.

"ისინი აფრიალებენ თავიანთ დროშას, სიგნალს გვიგვზავნიან, რათა საკუთარი სენატორები დააკმაყოფილონ, რომლებიც შავ ზღვაში მთელი ფლოტის გამოგზავნას ითხოვენ. მათ თავი შორს უნდა დაიჭირონ ჩვენი სანაპირო ზოლისაგან." დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტიის სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ჯონ ბარასომ  აშშ-სა და ნატოს უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ უფრო მკვეთრი პოზიციის დაფიქსირების და შავ ზღვაში ხომალდების გაგზავნისაკენ მოუწოდა.

გასულ თვეს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდების გაგზავნას გეგმავდა.

კომენტარები