აფეთქება დიდ დიღომში

ომბუდსმენი: დაზარალებულებმა სრულყოფილი სამედიცინო და მატერიალური დახმარება უნდა მიიღონ

ტაბულა

 

საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ამ ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ასევე მატერიალური დახმარება მიიღოს." - წერია ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. კორპუსის რამდენიმე მაცხოვრებლის თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

ყაზტრანსგაზის განცხადებით,  კომპანია დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას. 

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. 

საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები