აფეთქება დიდ დიღომში

იაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში ერთი ბავშვი რჩება

medportal.ge

იაშვილის სახელობის კლინიკაში დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პაციენტი რჩება. 

ექიმების ინფორმაციით, დანარჩენი ხუთი მცირეწლოვანი ღამის განმავლობაში კლინიკიდან გაწერეს.

მათი თქმით, 4 წლის გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა და ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში რჩება.

"კლინიკაში სულ შემოვიდა 6 პაციენტი, 5 მათგანი უკვე გაწერილია ბინაზე. ერთი პაციენტი რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და მკურნალობას აგრძელებს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. შემოსვლისთანავე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა, თავის არეში იყო სკალპირებული ჭრილობა.ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება",- გადაუდებელი მედიცინის ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ ყიყიშვილმა.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მაცხოვრებლის თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

კომენტარები