ასტრონომია

შორეული კოსმოსიდან ამოუცნობი რადიოსიგნალები მოდის

CHIME-ს რადიო ობსერვატორია

ასტრონომებმა დედამიწიდან 1.5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული წყაროდან წამოსული რადიოტალღები შეისწავლეს. მათი ზუსტი ბუნება და წარმომავლობა უცნობია. აღმოჩენილი 13 სწრაფი რადიოამოფრქვევიდან ერთ-ერთი უჩვეულო, განმეორებითი სიგნალია. მკვლევრებმა მსგავსი რადიოტალღები პირველად 2007 წელს დააფიქსირეს. 

არსებობს რამდენიმე თეორია, თუ რა იწვევს ამ უცნაურ რადიოტალღებს. შესაძლოა ეს იყოს ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც სწრაფად ბრუნავს, ორი ნეიტრონული ვარსკვლავი რომელიც ერთმანეთს ერწყმის ან, ზოგიერთი ექსპერტის თანახმად, უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდი. 

კანადის CHIME-ს ობსერვატორია 100 მეტრის სიგრძის ნახევრად-ცილინდრული ანტენებისგან შედგება, რომელიც ცის ჩრდილოეთ ნაწილს ყოველღიურად სკანირებს.

ახალაღმოჩენილ რადიოამოფერქვევას FRB180814 ეწოდება და ჰგავს აქამდე აღწერილ რადიოამოფრქვევას, FRB 121102-ს, რომელიც სავარაუდოდ 3 მილიარდი სინათლის წლით მოშორებული ჯუჯა გალაქტიკიის უკიდურესად მძლავრ მაგნიტურ ველში მოძრავი ნეიტრონული ვარსკვლავიდან წამოვიდა. 

"აქამდე ცნობილი იყო მხოლოდ ერთი განმეორებადი სწრაფი რადიოამოფრქვევა. იმის ცოდნა, რომ მეორეც არსებობს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება უფრო მეტი იყოს. მეტ წყაროსთან ერთად ჩვენ შევძლებთ მათი წარმომავლობის ამოცანის ამოხსნას. "- ამბობს მკვლევართა გუნდის წევრი არუნ ნაიდუ. 

წინა რადიოტალღების სიხშირე დაახლოებით 14000 მეგაჰერცი იყო, ახალაღმოჩენილის კი 800 მეგაჰერცს ქვემოთაა. ახალაღმოჩენილი 13 სიგნალიდან შვიდი ტელესკოპმა 400 მეგაჰერცის სიხშირეზე დააფიქსირა, რაც ყველაზე დაბალი სიხშირეა, რომლის ჩაწერაც შეეძლო. 

ჰარვარდ-სმითსონიანის ასტროფიზიკის ცენტრის ფიზიკოსი, ავი ლოები, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, არ გამორიცხავს, რომ რადიოტალღები ხელოვნური წარმოშობის იყოს და უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდიდან მოდიოდეს. 

კვლევა ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული. 

კომენტარები