საბანკო ასოციაცია: არ დავუშვებთ TBC-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას

საქართველოს საბანკო ასოციაცია TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ დაუშვებს ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას. ასოციაციის შეფასებით, თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების არასწორმა ინტერპრეტაციამ და საზოგადოების მაღალი ინტერესით სპეკულირებამ შეიძლება დააზიანოს, როგორც რეალური ინფორმაციის სწორად აღქმის პროცესი, ასევე შექმნას არასწორი მოლოდინები.

„საქართველოს საბანკო სექტორი გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით და წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტს. საფინანსო სექტორის გამჭირვალობის მაღალი დონე, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მუდმივად პოზიტიური შეფასებები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების/ინვესტორების სექტორში აქტივობა ადასტურებს სანდოობის მაღალ ხარისხს.

საბანკო სექტორი მუდმივად იმყოფება ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო აუდიტორების, სარეიტინგო კომპანიების და ინვესტორების მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც "თიბისი ბანკის" ასევე მთლიანი საბანკო სექტორის მაღალ სტაბილურობას და მდგრადობას.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მუდმივად დაიცავს მისი წევრი ბანკების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს როგორც კონკრეტული ბანკის რეპუტაცია ასევე მთლიანად საბანკო სისტემა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაცია.

გუშინ, 2019 წლის 8 იანვარს ერთ-ერთმა საინფორმაციო პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2018 წლის მაისში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "გაშიფრა დანაშაულებრივი სქემა", რომლის თანახმად TBC ბანკის დამფუძნებლებმა "ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მიითვისეს და გაათეთრეს ბანკის კუთვნილი ათობით მილიონი ლარი“. დღეს კი, ამაზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ისაუბრა. პროკურორ სალომე ჩიქობავას თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო "თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. ჩიქობავას თქმით, მათ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. კითხვაზე, რატომ დაიწყო 2008 წლის საქმეზე გამოძიება 10 წლის შემდეგ, პროკურორმა თქვა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მათ ინფორმაცია მიაწოდეს. 

დღეს ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ამ ინფორმაციას "ორკესტრირებული შავი პიარი“ უწოდა. ბანკის განცხადებით, საქმე ეხება 2008 წლის "რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას", რომელიც, მათივე თქმით: "არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების დროს; არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული და მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია". მათივე ინფორმაციით, ამ საქმეზე ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკი 1 მილიონი ლარით დააჯარიმა.

"ამ ეტაპზე გაურკვეველია, დააკისრებს თუ არა სებ-ი მას დამატებით სანქციებს. თიბისი ბანკმა ჯარიმა საქართველოს სასამართლოებში უკვე გაასაჩივრა და სასამართლომაც ჯარიმის შეჩერების შესახებ ბრძანება გამოსცა,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები