თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, "TBC ბანკის საქმეზე დაწყებული გამოძიება არის ბიძინა ივანიშვილის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავი ორგანოების აშკარა მცდელობა, იერიში მიიტანონ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტზე". პარტიას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიზანი TBC ბანკის დისკრედიტაცია, საფინანსო ბაზარზე მისი გავლენის დაქვეითება და მასზე კონტროლის მოპოვებაა.
"ამასთანავე, კონტროლის გავრცელება ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ბანკზე, რომლის წილი ქვეყნის ეკონომიკაში სოლიდურია და, რომლის კლიენტებსაც წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობისა და ბიზნესორგანიზაციების მოზრდილი ნაწილი, ნიშნავს, ირიბად მაინც, ამგვარი კონტროლის გავრცელებას ეკონომიკისა და მოსახლეობის შესაბამის ნაწილზეც" - ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში.
პარტიის შეფასებით, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება ისეთ მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დაახლოებით 11 ან/და 7 წლის წინ.
"შესაბამისად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, სად იყვნენ სამართალდამცავი ორგანოები აქამდე, თუ მათი აზრით, ესოდენ სერიოზული დანაშაული მართლაც იქნა ჩადენილი. გენერალური პროკურატურის მცდელობა, გამოძიების დაწყება დაუკავშიროს გასული წლის ივლისში "მოპოვებულ ინფორმაციას“, ნაკლებად სარწმუნოა, რადგან „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლების განცხადებით, ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებებს უწინაც ჰქონიათ წარუმატებელი მცდელობა, იგივე ფაქტებში დანაშაულის ნიშნები ეძიათ.
ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ პროკურატურის ნარატივში ასევე ფიგურირებს ტვ პირველის დამფუძნებლის გვარიც, რაც გვაფიქრებინებს, რომ იერიშის ობიექტი შეიძლება ასევე გახდეს დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომლის პოპულარობა ქვეყნის მოსახლეობაში დღითიდღე იზრდება" - აცხადებენ თავისუფალი დემოკრატები და აღნიშნავენ, რომ TBC ჰოლდინგი არის ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის მიზანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა.
"მიმდინარე გამოძიებას, შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის წარუმატებლად დასრულება. ეს კი შეიძლება ხელს აძლევდეს მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ ხელისუფლებას უწინაც ჰქონია არაერთი ძალისხმევა, სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოეყენებინა, მათ შორის, საქმიანი გარიგებების შემთხვევებშიც (გავიხსენოთ, მაგალითად, „ტრაქტორების საქმე“ და „კაბელების საქმე“). ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი და საზიანო აღმოჩნდა თვით სამართალდამცავი სისტემისა და მთლიანად ქვეყნისათვის. ზიანი გაცილებით უფრო მასშტაბური შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, ზემოხსენებული ინტერესების მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელთა ხელყოფაც მოსალოდნელია მოხდეს მოცემული გამოძიების შედეგად" - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 2019 წლის 8 იანვარს ერთ-ერთმა საინფორმაციო პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2018 წლის მაისში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "გაშიფრა დანაშაულებრივი სქემა", რომლის თანახმად TBC ბანკის დამფუძნებლებმა "ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მიითვისეს და გაათეთრეს ბანკის კუთვნილი ათობით მილიონი ლარი“.
დღეს ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ამ ინფორმაციას "ორკესტრირებული შავი პიარი“ უწოდა.
დღესვე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) ფაქტზე.





